
ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ საკითხების დასარეგულირებლად გაცილებით ჰუმანური გზები მოიძებნოს, რაზეც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
ქვემო ქედის მკვიდრი ალექსანდრე ბექაური "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, მათი მეწველი ძროხა ციმბირის წყლულის, ე.წ. ჯილეხის დაავადებით მოკვდა.
,,ბექაურების ოჯახი ჩემთან მოვიდა და მთხოვა მომაკვდავი პირუტყვი დამეთვალიერებინა. როდესაც მივედი აღმოვაჩინე, რომ ციმბირის წყლულის პირველი ნიშნები აღენიშნებოდა. სისხლის დენა ცხვირიდან და უკანა ტანიდან. ასევე პირუტყვი გაბერილი იყო. ვურჩიე, რომ მისი დაკვლა და საკვებად გამოყენება აკრძალული იყო. მივუთითე, რომ ღრმად დაემარხათ, მაგრამ როგორც ვიცი სოფელთან ახლოს, 2 მეტრის სიღრმეზე დამარხეს, რაც დაუშვებელია და დაავადების კერა გახდება," - განუცხადა "ქიზიყს" სოფლის ვეტერინარმა ტრისტან ზაქაიძემ.
,,ამავე ოჯახის ეზოსთან, 100 მეტრის მოშორებით ტრაქტორმა ორმო ამოთხარა და იქ დავმარხეთ," - აცხადებს სოფლის რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი.
დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახური მთელი დღის მანძილზე დაკეტილი გახლდათ, რის გამოც "ქიზიყმა" უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები ვერ მოისმინა. ვეტერინარი ტრისტან ზაქაიძე კი მომხდარით აღშფოთებულია და აცხადებს, რომ დაავადება მომავალში ისევ იფეთქებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
24 მაისიდან დედოფლისწყაროში ე.წ. ურალის მარკის ავტომობილებით ათეულობით თავდაცვის სამინისტროს მანქანა დედოფლისყაროს შირაქის ქუჩის გავლით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისკენ გაემართა.
თვითმხილველები გიორგი ლაპიაშვილი და ემზარ არაბული "ქიზიყთან" საუბარში აცხადებენ, რომ რაზმის წევრებით დაკომპლექტებული ათამდე სამხედრო მანქანა პირადად ნახეს. სამხედრო პირები შეიარაღებულები იყვნენ, რის გამოც მოსახლეობა შიშმა მოიცვა. ინფორმაციის გადამოწმება "ქიზიყმა" დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს უფროსთან პოლკოვნიკ დემურ კეკენაძესთან სცადა.
დემურ კეკენაძე: ,,ჩვენ ურალის ტიპის ავტომობილები არ გვყავს. მითუმეტეს ათამდე მანქანა ჩვენი არ იქნებოდა. არაფერი ვიცი, ჩვენი მესაზღვრეების გადაჯგუფება ან ცვლილება არ მომხდარა და ვერაფერს გეტყვით".
მომხდარის შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმაც გაავრცელა. მათი ცნობით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გაძლიერებულია. ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გარდა, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმიც იცავს. სასაზღვრო პოლიციაში სასაზღვრო - გამშვები პუნქტების დაცვის ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა სპეცრაზმის საზღვრებთან მობილიზება სწორედ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
მოზარდების საცხოვრებელი სახლი ავარიულია. პირველ სართულზე ოთახები დანესტილია, იატაკი დაზიანებულია, ნესტისგან კედლებიდან ბათქაში ცვივა. მეორე სართულზე კი ჭერი ჩამოწეულია და კედლები დაბზარული.
სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ გავაშელიშვილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტო განმეორებით გადაამოწმებს. კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, შესაბამისი შუამდგომლობით სააგენტოს გუბერნატორის ადმინისტრაცია მიმართავს.
„ოჯახი შეყვანილია დამატებით სიაში და ვაუჩერებს ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროდან. მარჩენალის პენსია ბავშვებს უახლოეს დღეებში დაენიშნებათ. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ჩვენ ვუშუამდგომლებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომ ოჯახი განმეორებით გადამოწმდეს. ამასთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი განყოფილება ამ საქმეს ინდივიდუალურად განიხილავენ“, - განუცხადა სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
* * *
კახეთის გამგეობებში საჯარო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაციას ბლოკავენ?!
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ადგილობრივ საჯარო მოხელეთა სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციას მალავს. ამის შესახებ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი მტკიცებით ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშია.
,,კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოდან მიმდინარე წლის 30 აპრილს გამოითხოვა. კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლის მიუხედავად, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ახმეტის გამგეობებიდან, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან სრულყოფილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია," - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
მათი ცნობით, რეგიონში ადგილობრივი ბიუჯეტების თითქმის 30% ადმინისტრაციულ ხარჯებს შეადგენს.
გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასთან ერთად პრემიას წელიწადში რამდენჯერმე იღებენ. 2010 – 2011 წლებში ხელფასთან ერთად პრემიები აქვთ მიღებული მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებსაც.
გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა პრემია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რამდენიმე თვის წინ მიიღეს, რასაც ოპოზიციური პარტიების საპროტესტო განცხადებები მოჰყვა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროს რაიონში, ე.წ. „ჩათმის“ ტერიტორიაზე, დაახლოებით 4 000 ჰექტარზე კალია გავრცელდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერმა ზურა თეთვაძემ განუცხადა, კალია სწრაფად მრავლდება და მავნებლის სალიკვიდაციოდ ღონისძიებები სასწრაფოდ არის გასატარებელი.
„ვცდილობ, რომ საკუთარი ძალებით შევწამლო სახნავ - სათესი ნაკვეთები. კალია ხორბლის და სიმინდის ნათესებს ჭამს და თუ ტერიტორია მალე არ შეიწამლა, მოსავალს გაანადგურებს“, - აღნიშნა ზურა თეთვაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ისეთი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც არის იტალიური ან მაროკოული კალია, ამერიკული თეთრი პეპელა.
„საფრთხის ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებები წელსაც გატარდება, დაახლოებით მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში“, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ვერიკო გულუამ. /ICK/
* * *
სოფელ ლენინოვკაში მცხოვრებ ბოშებს დაბადების მოწმობები გადაეცათ
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში მცხოვრებ ბოშებს დაბადების მოწმობები გადასცა. დოკუმენტები გადაეცა მრავალშვილიან ქალბატონს და მის ხუთ შვილს. მათ მოწმობები საერთოდ არ ჰქონდათ და ამიტომ მათთვის დაბადების იურიდიული ფაქტების დადგენა გახდა საჭირო.
ბოშების დოკუმენტაციის საკითხზე ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა“ იმუშავა თავისი პროექტის, სახელწოდებით „მოქალაქეობის არმოქნე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში. ეს ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც მოქალაქეობის არქონის საფრთხის წინაშე დგანან.
რადიო „თავისუფლების“ ვიდეომასალა>>
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ გავაშელიშვილების ოჯახს, სადაც ოთხი ობოლი ბავშვი იზრდება, არც ელექტროენერგიის და არ სურსათის ვაუჩერები არ მისცეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბავშვების მამიდამ მაია გავაშელიშვილმა განუცხადა, მან დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოფლის გამგებელს, რაიონის გამგეობას, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ობოლი ბავშვები ვერც პენსიას იღებენ და ვერც სოციალურ დახმარებას, რის გამოც მათ უკიდურესად უჭირთ.
მაია გავაშელიშვილმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა. ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, კახეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის იურისტები გავაშელიშვილების ოჯახის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ბავშვებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ, რომ პენსია და საარსებო შემწეობა დაენიშნოთ. /ICK/
დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ შედგა. შეხვედრაზე ოპოზიციის მხოლოდ ორიოდ წარმომადგენელი გამოცხადდა, რის გამოც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ბუჩუკურმა წუხილი გამოთქვა და ოპოზიციის ადგილობრივ წევრებთან თანამშრომლობისა და მათი შენიშვნების გაზიარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარინა ოთარაშვილმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მას დედოფლისწყაროში მუშაობისთვის არც რაიმე სახის დაბრკოლება აქვს და არც შენიშვნის წარდგენას გეგმავდა, ამიტომაც დარბაზი მალევე დატოვა.
„ქიზიყთან“ წინასწარ გაკეთებული პირობის მიუხედავად, სხდომაზე არც ლეიბორისტების, არც „ახალი მემარჯვენეებისა“ და არც სხვა პარტიების წარმომადგენლები გამოჩენილან.
გაზეთი „ქიზიყი“ იმის გარკვევას ეცადა, რატომ არ გამოცხადდნენ ოპოზიციონერები სხდომაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ მათ დიდ ნაწილს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
,,დამავიწყდა და ვერ მოვედი. გვიან გამახსენდა. ოჯახური პირობების გამო ვერ მოხერხდა,“ - განუცხადა „ქიზიყს“ „ახლების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოსო ბეჟანიშვილმა.
,,ჩვენ ყველა ოპოზიციონერს დავუკავშირდით და პირადად ვაცნობეთ, რომ 12 საათისთვის გამოცხადებულიყვნენ. დიდი ხანი ველოდეთ, მაგრამ არავინ გამოჩენილა,“ - აცხადებს დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანი ნინო ბულაშვილი.
საოლქო-კომისიაში აღნიშნეს, რომ მათი გამოცხადების შემთხვევაში სხდომაზე დაყენებულ შენიშვნებს ცესკო-ს გადაუგზავნიდნენ, სადაც ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები საკითხს თბილისშიც დააყენებდნენ, თუმცა სამწუხაროდ, დედოფლისწყაროელმა ოპოზიციონერებმა საოლქო კომისიასთან თანამშრომლობა არ ისურვეს და ბოიკოტს მიმართეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ცხოველების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ცხოველების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს, ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციის მიერ სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნამარხი _ ფაუნის პალეო ნტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩენეს.
აღმოჩენილია, მასტოდონტის, ხმელთაშუაზღვის კუს, თანამედროვე შვლის წინაპრის, ანტილოპას, ჰიპარიონის - ცხენის სამთითა წინაპრის, გარეული ღორის წინაპრის და ხმელეთის ლოკოკინების ახალი სახეობების ნამარხები. /ქიზიყი/
ფინანსურმა პოლიციამ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის შპს „სერვისი 2007“–ის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი დააკავა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს რაიონიდან ინტერნეტ–გაზეთი „ქიზიყი“ ავრცელებს. ამ ფაქტს ადასტურებენ დედოფლისწყაროს თვითმმართველობაშიც.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, საფინანსო პოლიცია აღნიშნული სამსახურში ჯერ კიდევ სამი თვის წინ შევიდა. შპს „სერვისი 2007“–ის თანამშრომლები პირად საუბრებშიც ადასტურებენ, რომ შტატები მნიშვნელოვნად გაბერილია:
,,რეალურად 20 კაცი ვმუშაობთ, არადა 70 ადამიანი იღებს ხელფასს. უმრავლესობა სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად ჩნდება,“ – აცხადებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად მეეზოვეებმა ორიოდ თვის წინ დედოფლისწყაროში ცოცხები დაყარეს და ქალაქის დასუფთავებაზე დროებით უარი თქვეს.
ექს–ლეიბორისტი ზურაბ ყოჩიაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი მეუღლე, დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ნინო ჩოხელი „ქიზიყის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი