среда, 11 мая 2011 г.

ფინანსურმა პოლიციამ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის უფროსი დააკავა

ფინანსურმა პოლიციამ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის შპს „სერვისი 2007“–ის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი დააკავა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს რაიონიდან ინტერნეტ–გაზეთი „ქიზიყი“ ავრცელებს. ამ ფაქტს ადასტურებენ დედოფლისწყაროს თვითმმართველობაშიც.

საფინანსო პოლიციის პრეს–სამსახურის უფროსი ნინო ჩუტკერაშვილი ყოჩიაშვილის დაკავების ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს. მისი თქმით, დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელს ბრალს 182–ე მუხლის მეორე ნაწილით და 341–ე მუხლით წაუყენებენ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას ითვალისწინებს.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, საფინანსო პოლიცია აღნიშნული სამსახურში ჯერ კიდევ სამი თვის წინ შევიდა. შპს „სერვისი 2007“–ის თანამშრომლები პირად საუბრებშიც ადასტურებენ, რომ შტატები მნიშვნელოვნად გაბერილია:

,,რეალურად 20 კაცი ვმუშაობთ, არადა 70 ადამიანი იღებს ხელფასს. უმრავლესობა სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად ჩნდება,“ – აცხადებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად მეეზოვეებმა ორიოდ თვის წინ დედოფლისწყაროში ცოცხები დაყარეს და ქალაქის დასუფთავებაზე დროებით უარი თქვეს.

ექს–ლეიბორისტი ზურაბ ყოჩიაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი მეუღლე, დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ნინო ჩოხელი „ქიზიყის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий