четверг, 12 мая 2011 г.

კახეთის გუბერნატორი: "ეს ფაქტი ყველასთვის მაგალითი იქნება"

ფინანსური პოლიციის მიერ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის – შპს "სერვისი 2007"-ის დირექტორის ზურაბ ყოჩიაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა ექსკლუზიური კომენტარი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში გააკეთა. გუბერნატორი შეფასებების გაკეთებას სასამართლოს დასრულების შემდეგ გეგმავს, თუმცა ღვინიაშვილი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ეს ფაქტი ყველასთვის მაგალითი იქნება.
გიორგი ღვინიაშვილი (კახეთის გუბერნატორი): ,,ვიდრე სასამართლო საბოლოო შედეგს არ დადებს და დამნაშავედ არ სცნობს, მანამდე გუბერნიის მხრიდან კომენტარი მართებული არ იქნება. მაგრამ, თუ სასამართლო ამ სამსახურის ხელმძღვანელს დანაშაულს დაუმტკიცებს და წაყენებული ბრალდება დაუმტკიცდება, ცხადია ძალიან სამწუხარო იქნება და ეს ფაქტი ყველასთვის მაგალითი იქნება, ვინც დანაშაულს ჩაიდენს და საბიუჯეტო თანხების არასწორ ხარჯვაშია ეჭვმიტანილი... სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება, იქამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ".
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზურაბ ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროდან მიმდინარე წლის 11 მაისს აიყვანა. "ქიზიყის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მას 182-ე და 341-ე მუხლებს წაუყენებენ, რაც რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შპს "სერვისი 2007" დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბოლო დროს ხელმძღვანელს სამსახურის თანამშრომლებიც უპირისპირდებოდნენ. დასუფთავების სამსახურში არსებულ განუკითხაობაზე უამრავი ეჭვი არსებობდა, რომელზეც სხვადასხვა სახის ბრალდებები მედიასაშუალებებით ინტენსიურად ვრცელდებოდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ხორნაბუჯმა" კონცერტი გამართა


ქალაქ დედოფლისწყაროს კულტურის სახლში 11 მაისს ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ხორნაბუჯმა" მორიგი საანგარიშო კონცერტი გამართა. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, მთავარმა ქორეოგრაფმა ლევან ხუნაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, დედოფლისწყაროელმა მოცეკვავეებმა მაყურებლის წინაშე სულ 14 სახეობის ცეკვა წარმოადგინეს, რომლებიც კუთხური ტრადიციების მიხედვით იყო დადგმული.
,,გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გვინდოდა კიდევ ერთი ღონისძიება გაგვემართა და ჩვენი შემოქმედების შესაფასებლად მოგვეწვია როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ისე ადგილობრივი მოსახლეობა. თუმცა, იმის გამო, რომ გიორგობის დღეს დედოფლისწყაროდან ბევრი საინგილოში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის მოსალოცად წავიდა, ჩვენმა კონცერტმა ოდნავ გადმოიწია და დაგვიანებით გაიმართა. სასიამოვნოა, რომ კონცერტმა წარმატებით ჩაიარა," – აცხადებს ქორეოგრაფი ლევან ხუნაშვილი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან კონცერტს მხოლოდ დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი ესწრებოდა.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий