пятница, 20 мая 2011 г.

ექიმ მარინა ღვინიაშვილის 15 წლიანი ნამუშევრების გამოფენა მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გაიხსნა

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში დედოფლისწყაროელი ექიმის მარინა ღვინიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც დამთვალიერებელთა სიმრავლით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა აშკარა თვალშისაცემი იყო. როგორც ღონისძიების წამყვანმა, კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა ნონა ჯიბღაშვილმადამსწრე საზოგადოებას განუმარტა, დარბაზში წარმოდგენილი იყო 15 წლის მანძილზე შესრულებული ნამუშევრები. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ამ დღეს ნამუშევრების ავტორი იუბილარი გახლდათ, ამდენად საღამო ორმაგად საზეიმო ხასიათს იძენდა.
,,იმდენი რამ ჩააქსოვა ქალბატონმა მარინამ ამ ნახაქარგებში, აუცილებელია რაიონის ფარგლებს გასცდეს და ფართო საზოგადოებამ იხილოს," - განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ.
ოფიცილური ნაწილის დასრულების შემდეგ "ქიზიყი" ხელოვან მედიკოსს წარმოდგენილ შემოქმედებაზე პირადად გაესაუბრა.
მარინა ღვინიაშვილი (გამოფენის ავტორი): ,,ყველა ნამუშევარი ძვირფასია ჩემთვის, ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. ყველა მათგანი საკუთარი შვილივით მიყვარს. ასე რომ, თითეულ მათგანზე დიდი ამაგი მაქვს, ისევე როგორც თითეულ შვილზე. ერთ ნაქარგზე დაახლოებით თვენახევარი 2 თვე ვმუშაობ. როდესაც ლამაზ სურათს ვუყურებ, მონახაზის სახით გადმომაქვს და შემდგომ ვქარგავ. ხან ისეც ხდება, რომ ესკიზის იდეა თავად მებადება და ტილოზე გადამაქვს".
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი და კულტურისა და სპორტის ცენტრის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოგვიანებით, კულტურის სახლის დირექტორმა ცარო მარტიაშვილმა მარინა ღვინიაშვილს ლექსი მიუძღვნა. ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, დარბაზში დედოფლისწყაროს ინტელიგენციამ თითქმის სრული შემადგენლობით მოიყარა თავი.
შთაბეჭდილებების წიგნთან დიდი რიგი ხანგრძლივად იდგა, დამთვალიერებლები თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ და აღფრთოვანებას ღიად გამოხატავდნენ. საღამო ტრადიციულად ალა-ფურშეტით დასრულდა. გაზეთ "ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში მარინა ღვინიაშვილის ნამუშევრების გამოფენა კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *

გიორგი ყაჭაშვილმა დედოფლისწყაროში ნანატრი კონცერტი გამართა

დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში თბილისის კონსერვატორიის სტუდენტის, პრეზიდენტის სტიპენდიანტის გიორგი ყაჭაშვილის კონცერტი გაიმართა. ის წარმოშობით დედოფლისწყაროდან გახლავთ და ხშირად სტუმრობს ჩვენს რაიონს. საღამო დედოფლისწყაროს მწიგ
ნობართა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის კონსერვატორიის რექტორატის პატრონაჟით ჩატარდა. ის გამოჩენილი მექანიზატორის მიხეილ ჭიჭინაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფორტეპიანოზე წარმოდგენილი იყო ბეთჰოვენის, შუბერტის, ბახის, შოპენის, ბრამსის და ლისტის ნაწარმოებები. დასასრულ კი გიორგი ყაჭაშვილმა რევაზ ლაღიძის კომპოზიციები შეასრულა და მსმენელს დაემშვიდობა.
კონცერტის დასრულების შემდეგ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" პიანისტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, დედოფლისწყაროში კონცერტის ჩატარებაზე დიდხანს ოცნებობდა.
გიორგი ყაჭაშვილი: ,,დედოფლისწყარო ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადგილია. გარდა იმისა, რომ აქ ბევრი ახლობელი და ნათესავი მყავს, აქ ჩამოსვლა ხშირად მიწევს. სიმართლე გითხრათ, დედოფლისწყაროში კონცერტის ჩატარება ჩემთვის ოცნება იყო, კარგია რომ ჩამოსვლა მოვახერხე და ლამაზი საღამო შედგა. გამოგიტყდებით და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ხალხისგან დიდი სითბო და თანადგომა ვიგრძენო. ასმაგად უფრო ბედნიერებაა ჩემთვის ის, რომ სიამოვნება ჩემს თანამემამულეებს მივანიჭე. საწყისი მუსიკალური განათლება არ მაქვს, ცოტა მოგვიანებით დავინტერესდი მუსიკით და ძალიან ღრმად გამიტაცა. ახლა უკვე ამის გარეშე ვეღარ ვძლებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მე მხოლოდ სმენით ჩავაბარე... დიდი სამომავლო გეგმები მაქვს. წელს ვამთავრებ თბილისის კონსერვატორიას და უკვე მაქვს მიწვევა გერმანიაში. დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში გავემგზავრები გერმანიაში, სადაც მაგისტრატურას გავივლი."
საღამოს დასასრულ, შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მექანიზატორ მიხეილ ჭიჭინაძის ქალიშვილმა ნანა ჭიჭინაძემ დედოფლისწყაროს მწიგნობართა ასოციაციის სახელით გიორგი ყაჭაშვილს მადლობა გადაუხადა დედოფლისწყაროში ჩამოსვლისა და ლამაზი საღამოს ჩატარებისთვის, შემდეგ კი დააჯილდოვა.
მაყურებელი მქუხარე აპლოდისმენტებს არ იშურებდა და დარბაზს კმაყოფილი ტოვებდა. ნორჩი პიანისტი სამომავლოდ კვლავაც აქტიურ შემოქმედებას გვპირდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий