გიორგობისთვის კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა აღავლინა. წირვის შემდეგ მეუფემ იქადაგა, რა დროსაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას საინგილოში მცხოვრებ ქართველებს ყურადღება მიაქციოს.
„რაც აქ ხდება, ძალიან ცუდია. მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა-ლოცვას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგლია და ნიკა ლალიაშვილი, ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ესწრებოდნენ. მათ შორის იყო დედოფლისწყაროელი მრევლი და საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები, რომლებმაც საინგილოში ნათესავების საფლავებიც მოინახულეს.
ქადაგების შემდეგ მეუფე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვია, სადაც პარაკლისი აღავლინა. ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო აზერბაიჯანის პოლიცია. ისინი ყველა იმ ადგილობრივ ქართველს აღრიცხავდნენ, რომლებიც საქართველოდან ჩასულ ჟურნალისტებს ან პოლიტიკოსებს ესაუბრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია დაკეტილი აქვს და მას წელიწადში მხოლოდ ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღებს.
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოსაც ესტუმრა, სადაც წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იქაურ ქართველებს შეხვდა. ადგილობრივებმა მეუფეს შესჩივლეს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ეკლესიაში პარაკლისები ვეღარ ტარდება, მოძღვარს ამის საშუალებას აზერბაიჯანის უშიშროების თანამშრომლები არ აძლევენ. მათივე თქმით, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, აზერბაიჯანის უშიშროების თანამშრომლებმა მოძღვარი სასაფლაოზე არ გაუშვეს, რომ პარაკლისი გადაეხადა. მეუფე მელქისედეკი ალიბეგლოს მაცხოვრებლებს დახმარებას დაპირდა. მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ივნისში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მოქმედი გახდება. შეხვედრის დასრულებამდე ეპისკოპოსმა ალიბეგლოს მოსახლეობას პატრიარქის სახელით გიორგობა მიულოცა და მისი უწმინდესობის წერილი გააცნო. პატრიარქი საინგილოში მცხოვრებ ქართველებს ამხნევებს. /ICK/
Комментариев нет:
Отправить комментарий