სოფელ ჯაფარიძის ბიბლიოთეკაში, ამავე ბიბლიოთეკის გამგის მაყვალა მილაძის ორგანიზებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ძირითად სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ სოფლის ღირსეული წარმომადგენლები, სახელგანთქმული ექიმები დიმიტრი ყოჩიაშვილი, გულნარა გონაშვილი და თეა გიგოლაშვილი. თავდაპირველად ღონისძიების წამყვანმა მაყვალა მილაძემ მსმენელს დამსახურებული ექიმების ბიოგრაფიული მონაცემები თანმიმდევრულად გააცნო.
,,ყველამ კარგად იცის ამ ადამიანების განვლილი გზისა, თუ დამსახურებების შესახებ, მაგრამ სათქმელი კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ითქვას," - განაცხადა მაყვალა მილაძემ.
მოგვიანებით, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მედიკოსებმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა სახის რეკომენდაციები მისცეს. საუბარი შეეხო უამრავ საჭირბოროტო და ძალზე აქტუალურ საკითხს. გინეკოლოგმა გულნარა გონაშვილმა ორსულობის ასაკის მკვეთრად გაახალგაზრდავებაზე და მის თავისებურებებზე ისაუბრა.
გულნარა გონაშვილი: (გინეკოლოგი): ,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე 15-16 წლის მშობიარეებიც გვხვდებიან, რაც მედოკოსების აზრით არასასურველია. მათი თქმით, რეკომენდირებულია ორსულობა 20 წლის ასაკიდან დაიგეგმოს. მაშინ, როცა დედის ორგანიზმი მთლიანად ჩამოყალიბებულია და მზადაა ორსულობისთვის".
დიმიტრი ყოჩიაშვილი: ,,პირველ რიგში დედებს ვურჩევდი, რომ აუცილებელია ძუძუთი კვება. ამ შემთხვევაში დედა შვილს ყველა აუცილებელ ნივთიერებას გადასცემს. ასე რომ, გახსოვდეთ - დედის რძესთან ახლოს ვერცერთი საკვები ვერ მოვა. აქამდე მიღებული იყო, რომ ძუძუთი ჩვილის გამოკვება 1 წლის ასაკამდე მომხდარიყო, ახლა ეს შეცვლილია და უკვე მისაღებია, თუ ახალშობილს 2 წლის ასაკამდე დედის რძით გავზრდით. იმუნიტეტის ამაღლება ჯანსაღი კვებით უნდა მოხდეს... ტემპერატურის ერთჯერადი მატება არ ნიშნავს, რომ ბავშვს მაშინვე ანტიბიოტიკი მივცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკები უამრავ გვერდით მოვლენას და უკუჩვენებას იწვევს. უმჯობესი იქნება, ასეთ დროს, ნატურალური წვენები და სხვა ისეთი საშუალებები გამოვიყენოთ, რომელიც უკუჩვენებას არ გამოიწვევს. ხშირია გლანდების გართულებაც, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია ნუშისებრი ჯირკვლების მოკვეთა... პირადად მე მისაღებად მიმაჩნია, წელიწადში 1-ხელ ან 2 ჯერ ბავშვმა ანგინა გადაიტანოს, ვიდრე გლანდების ოპერაციას მივმართოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ნუშისებრი ჯირკვლები, თავის მხრივ, უდიდეს დამცავ როლს ასრულებენ და მათი შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია. მისი ამოკვეთა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, თუ წელიწადში რამდენჯერმე გვხვდება გართულებები".
თეა გიგოლაშვილი (ნევროპათოლოგი): ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი და ხარისხიანი სიცოცხლე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ადამიანის ცხოვრება უნდა იზომებოდეს არა ხანგრძლივობით, არამედ სიცოცხლის ხარისხით. მთავარი ისაა, რამდენად ენერგიულად და ხარისხიანად ვცხოვრობთ. ცხოვრების წესი, კვება, გენეტიკური და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს... ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური მდგომარეობა. უნდა გვახსოვდეს, რომ მწეველებში 1,7 ჯერ მეტია სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ა.შ. აუცილებელია აცრები, ფიზიკური აღზრდა"...
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ადგილობრივ მოზარდ გოგონათა გუნდი, რომელსაც კულტურის სახლის თანამშრომელი ესმა ჭყონია ხელმძღვანელობდა. პატარებმა, ასევე წაიკითხეს ლექსებიც. სხვადასხვა სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი, სოფელ ჯაფარიძის რწმუნებული ვლადიმერ ჭუჭულაშვილი და სოფლის დეპუტატი საკრებულოში ილია ტალიაშვილი. ასევე, ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები.
საღამო ალა-ფურშეტით დასრულდა, სადაც კიდევ ერთხელ დალოცეს როგორც მოწვეული სტუმრები, ისე შეხვედრის ორგანიზატორები და მასპინძლები. უსაზღვრო კმაყოფილებით ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს საღამო დანარჩენებისგან რადიკალურად განსხვავებული, ძალზე ნაყოფიერი და სასარგებლო იყო თითეული იქ მყოფი ადამიანისთვის. მედიკოსებისგან მიღებული რჩევები კი მათ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოადგებათ. ამგვარი შეხვედრები კი სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი - ჯაფარიძიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий