სოფელ ქვემო ქედიდან რამდენიმე დღის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 34 წლის ემზარ გოგოლაური, რომელსაც პოლიცია უშედეგოდ ეძებს, ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ექსლკუზიური ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში, მისივე კუთვნილ ბინაში იმყოფებოდა.
მათე გოგოლაური (დაკარგულის მამა): ,,რამდენიმე დღეა ახალი ამბავი შევიტყვეთ. ჩემს შვილს თიანეთში, სოფელ სიმონიანთხევში საკუთარი სახლი აქვს. ტელევიზიით ამ ამბის გაშუქების შემდეგ იქიდან მეზობლები დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ დაკარგული ბიჭი იქ იმყოფებოდა. როგორც მეზობლებმა გვითხრეს, მშვიდად იყო, განსაკუთრებული გაღიზიანება არ აღენიშნებოდა. თვითონ ემზარს მეზობლებისთვის უთქვამს, მშობლები ინერვიულებენ, დიდი ხანია აღარ დამირეკია, არც ფული მაქვს არც ტელეფონი და იქნებ რამე გააგებინოთო. თვითონ ამ მეზობლებმა მარშუტკაზე დასვეს და გამოაცილეს, საცაა ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ უვნებელი დაბრუნდება. "
ამ ინფორმაციის თაობაზე "ქიზიყმა" შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო საქმის კურსში ჩააყენა. მეორე დღეს კი სოფელში ჩასულ გოგოლაურის ოჯახის წევრებს დაკეტილ ბინაში აჩეჩილი საწოლი და ფეხსაცმლის ნაფეხურები მართლაც დახვდათ, თუმცა იმავე მეზობლებმა, რომლებმაც დაკარგულის ადგილსამყოფელი მშობლებს ტელეფონით თავად შეატყობინეს, ამჯერად ყველაფერი გადათქვეს. დაკარგულის ძმა ვარაუდობს, რომ მეზობლები სიმართლეს მალავენ.
უკვე მერამდენე დღეა ხსენებული მეზობლების დაკითხვას და აგარაკის დათვალიერებას თიანეთის პოლიცია აწარმოებს. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლებთან დაკავშირება მეზობლებმა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც უარყვეს.
,,თიანეთში რომ ჩავედით დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ემზარი იქ რამდენიმე დღით ნამდვილად იყო. აშკარაა, რომ ოთახებში დადიოდა და ეძინა. მაგრამ ჩვენი გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მეზობლები ყველაფერს უარყოფენ და გადათქვეს... ახლა ირწმუნებიან, რომ ბიჭი არ უნახავთ. არადა, სწორედ მათ დაგვირეკეს. ვერ ვხვდებით რატომ მალავენ... ამჯერად პოლიცია ძიებას ისევ განაგრძობს, მაგრამ ჩვენ გვინდოდა იმ ადამიანებს პირადად გავსაუბრებოდით, ვინც გაუჩინარების შემდეგ ემზარი ნახეს. საკუთარი ძალებით ვეძებთ და ვცდილობთ მისი ადგილსამყოფელი დავადგინოთ. ამჟამად ქალაქ წნორში ვართ. ტაქსის მძღოლის ოჯახში მივედით და მას ვესაუბრებით. რაღაც დეტალებს ეს ადამიანიც იხსენებს. შოფლის აგარაკიდან უკან რომ გამობრუნდა და მეზობლებმაც რომ დაგვირეკეს, გვეგონა ორიოდ დღეში გამოჩნდებოდა, მაგრამ ფაქტია ამ ბინიდანაც წავიდა დ ავერ გავარკვიეთ ამჟამად სად უნდა იყოს," – აცხადებენ დაკარგულის ოჯახის წევრები.
შეგახსენებთ, ემზარ გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. დაკარგულის ოჯახი "ქიზიყთან" საუბარში თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავდა და აღნიშნავდა, რომ სოციალურ პრობლემებთან ერთად ვაჟს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები დასჩემდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий