ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" მიერ გავრცელებულმა ექსკლუზიურმა ინფორმაციამ პრეზიდენტის ყურამდე მიაღწია და რეაგირების მითითებაც გაიცა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დედოფლისწყაროში 3 წლის ბავშვის გველის ნაკბენით გარდაცვალების შესახებ სკანდალური კომენტარი ცენტრალური ტელევიზიების ეთერში გააკეთა.
სააკაშვილი უყურადღებო მედიკოსების დასჯას მოითხოვს და აცხადებს, რომ ამ განუკითხაობის მოთმენას არ აპირებს.
მიხეილ სააკაშვილი: "დედოფლისწყაროში პატარა ბავშვს, მწყემსის შვილს უკბინა გველმა, მიიყვანეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შვიდი საათი ჰყავდათ ისე, რომ არაფერი გაუკეთეს, ელემენტარულად მას შრატის გაკეთება სჭირდებოდა. მერე, რომ მიხვდნენ, რომ უკვდებოდათ, თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ ბავშვმა ვეღარ ჩამოაღწია. ალბათ ექიმებმა იფიქრეს, რომ იყო უპატრონო, მწყემსის შვილი, მოყვანილი საიდანღაც, საძოვრებიდან და ალბათ ზედაც არ შეაფურთხეს. მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ასეთი რაღაც ხდება, რამეზე სერიოზული ლაპარაკი ძალიან რთულია. არა მხოლოდ ეს ექიმები უნდა დაისაჯონ სამაგალითოდ, არამედ, უნდა შევქმნათ სისტემა და ამაზე ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან. ნამდვილად არ ვაპირებ, ეს მოვითმინო, რომ ასეთი რამეები კიდევ ხდებოდეს საქართველოში და ერთი ბავშვი მაინც გახდეს მსხვერპლი ვიღაცის დაუდევრობის და ფეხებზე დაკიდების", _ განაცხადა სააკაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მითითებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. /ქიზიყი/
* * *
გასანოვების ოჯახი დედოფლისწყაროს მედიკოსებს ბავშვის გარდაცვალების გამო უჩივის
დედოფლისწყაროში გველის ნაკბენით გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი, 3 წლის ბავშვის სიკვდილში ადგილობრივ ექიმებს ადანაშაულებს.მათი განმარტებით, პატარას ვაქცინა არ გაუკეთეს. ის რომ, ბავშვს ვაქცინა არ გაუკეთეს ამას დედოფლისწყაროს კლინიკის მთავარი ექიმიც ადასტურებს. მისი თქმით საავდმყოფოს შესაბამისი პრეპარატი არ აქვს.
ცნობილია, რომ გიურზამ ბავშვს ფეხზე უკბინა, რის შემდეგაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა 8 საათიანი მკურნალობის შემდეგ ოჯახს განუცხადეს, რომ საჭირო ვაქცინა არ ჰქონდათ. ამის შემდეგ კი ბავშვი გარდაიცვალა - იუწყება რადიო "ჰერეთი".
,,მწყემსად ვმუშაობთ დედოფლისწყაროში. ბავშვები თამაშობდნენ და ამ დროს გველმა უკბინა. იქვე მეგობრის მანქანა გვქონდა და დაკბენიდან 20 წუთში, მაქსიმუმ ნახევარ საათში ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მივიყვანეთ. გვითხრეს, კარგია დროულად რომ მოხვედითო და ბავშვი დააწვინეს. 7-8 საათი გავიდა და საავადმყოფოში მერე გვითხრეს თბილისში გადაიყვანეთ, აქ ვაქცინა არა გვაქვსო... დროულად რომ ეთქვათ მოვასწრებდით, მაგრამ მერე თბილისში გადაყვანა უკვე გვიანი იყო და ბავშვი დაიღუპა... ფაქტიურად, ექიმების უყურადღებობით დაგვღუპეს, თბილისში გადაყვანა ვეღარ მოვასწარით," - აცხადებენ გარდაცვლილის მშობლები. ოჯახის წევრების ეს კომენტარი ყველა ქართული მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებამ გადასცა.
დაზარალებული გასანოვები, უახლოეს დღებში, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მედიკოსების მიმართ სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
"ქიზიყის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომხდარ ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის და მედიკოსების პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ეს ინფორმაცია ცენტრალურმა ტელე და რადიომაუწყებლებმა ვრცლად გააშუქეს. ცნობა მთელი დღის მანძილზე ვრცელდება ახალი ამბების სააგენტოებითაც. დაზარალებულები სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий