вторник, 31 мая 2011 г.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დედოფლისწყაროში ცოფის გავრცელების რისკის ზრდას ხედავს

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარიეტა გონაშვილი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მაწანწალა ძაღლების კატასტროფულ მომრავლებაზე მიანიშნებს. მისი აზრით, წელს დედოფლისწყაროში ამ კუთხით განსაკუთრებით რთული ვითარებაა. სხვათაშორის, ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის წელს ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის
მარიეტა გონაშვილი: ,,წელს დედოფლისწყაროში ცოფის 3 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, საბედნიეროდ, ადამიანებში არ დაფიქსირებულა. სამივე შემთხვევა ცხოველებში აღინუსხა... ეს იყო სოფელ არბოშიკსა და ქედების ზონაში... რა თქმა უნდა, პროფილაქტიკის მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდა მათი ყველა ოჯახის წევრის აცრა. დედოფლისწყარო ცოფის გავრცელების მხრივ რისკის ზონაშია. ჩვენს რაიონში მომრავლებულია მელა, ტურა, მგელი და მაწანწალა ძაღლები, სწორედ ისინი ითვლებიან ცოფის გადამტან ცხოველებად. ასევე, მაწანწალა ძაღლების სიმრავლით დედოფლისწყაროში წელს საკმაოდ რთული ვითარებაა და არსებობს დიდი საშიშროება ცოფი, რომელიც საშიში დაავადებაა, ადამიანზეც გავრცელდეს... როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გასულ წელს დედოფლისწყაროში მაწანწალა, ქუჩის ძაღლების ლიკვიდაცია განხორციელდა, წელს კი ეს არ მომხდარა. არადა, მათი ლიკვიდაცია აუცილებელია," - აცხადებს მარიეტა გონაშვილი და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას სთხოვს.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროში 100-მდე ადამიანის დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაც შესაბამისი მკურნალობის კურსი გაიარეს. ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დაავადების პრევენციის მიზნით, აუცილებელია ოჯახში მყოფ ცხოველებს წელიწადში ერთხელ ცოფის საწინააღმდეგო აცრები ჩუტარდეს. თუმცა, როგორც "ქიზიყს" ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში განუმარტეს, აცრა, რომელიც გასულ წლამდე უფასო იყო, წელს ფასიანი გახდა, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
როგორც დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახურში "ქიზიყს" განუცხადეს, წელიწადში ერთხელ მათი სამსახური მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მაწანწალა ძაღლების მომრავლების შესახებ ინფორმაციას აწვდის და სთხოვს მათი ლიკვიდაციის ღონისძიებები გატარდეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლების ლიკვიდაციას შპს "სერვისი 2007" უნდა ახდენდეს, რაც არ ხორციელდება.
ცნობისთვის, გასულ წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების ხარჯებისა და მომსახურებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 8,2 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მიმდინარე წელს ამ კუთხით დედოფლისწყაროში თანხები გათვალისწინებული არ არის. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
ექიმთა პროფესიული რეგულირების საბჭო დედოფლისწყაროელი მედიკოსების საქმეს სწავლობს

ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის დავალებით, ექიმთა პროფესიული რეგულირების საბჭოს წევრები დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ეწვივნენ და საქმის ადგილზე მოკვლევა დაიწყეს. როგორც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ანდრო ვარძიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროფესიული რეგულირების საბჭო საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღეში დადებს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ზოგიერთი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის გარდა სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში იმ მომენტში მხოლოდ მორიგე ქირურგი იყო, სხვა პირების ჩართულობა ამ საქმეში ჯერ არ გამოკვეთილა. მოკვლევა კვლავაც მიმდინარეობს და დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ," - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ლადო კეპულაძე.
როგორც ცნობილია, გველის ნაკბენით 3 წლის ამილ გასანოვის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს მკაცრი მითითება მისცა და დაუდევარი მედიკოსების დასჯა მოითხოვა.
დედოფლისწყაროიელი მედიკოსები აცხადებენ, რომ საავადმყოფოში გველის შხამის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ, ის თბილისიდან უნდა მიეღოთ, რაც ამ დრომდე არ მიუღიათ. მათივე თქმით, "ანტიგიურზინი" არც თბილისიდან ჩამოსულმა კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ჩამოიტანა, რამაც ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია.
ამის საპასუხოდ, რეგულირების საბჭოში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ თბილისსა და რეგიონებში ვაქცინის საკმაო მარაგი არსებობს. ხელმძღვანელის მოადგილის, მაია ციბურაშვილის განმარტებით, მარაგი კახეთის რეგიონშიც დიდია: ,,მათ შორის თელავში 8 ვაქცინა ინახება, ამიტომ თავისუფლად შეეძლოთ ამით ესარგებლათ, რაც არ მოხდა. გაუგებარია, რატომ არ მოითხოვა დედოფლისწყაროს საავადმყოფომ ახლომდებარე რაიონებიდან ვაქცინა, რომლის მარაგი ადგილზე ნამდვილად არსებობს," - აცხადებს ციბურაშვილი.
შეგახსენებთ, კატასტროფის ცენტრის ბრიგადა დედოფლისწყაროში 4 საათის დაგვიანებით ჩამოვიდა, 3 წლის ამილ გასანოვი კი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
,,ჯერ 55 ლარი გადაგვახდევინეს, მერე თქვეს კატასტროფის ბრიგადას რომ დავურეკეთ ფული დაიხარჯა და მონო ბარათისთვის 10 ლარი კიდევ გადაგვიხადეთო. ფული კიდევ დაგვამატებინეს. თავიდანვე რომ ეთქვათ, შრატი არ გვაქვსო, მაშინვე თბილისში გადავიყვანდით და სიცოცხლეს შევუნარჩუნებდით. კატასტროფის ცენტრის მანქანამ დააგვიანა და ამდენი საათი ტყუილად გვალოდინა," - აცხადებენ დაზარალებულები.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ექიმთა პროფესიული რეგულირების საბჭო გახმაურებული სკანდალის ირგვლივ საბოლოო დასკვნას ჟურნალისტებს რამდენიმე დღეში წარუდგენს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий