вторник, 31 мая 2011 г.

ლევან ბაღაშვილი: ,,წელს ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 11 350 ლარი დაიხარჯება"

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციას დედოფლისწყაროში ცოფის გავრცელების რისკის ზრდასთან დაკავშირებით ეხმაურება და კომენტარს აკეთებს. ბაღაშვილი ადასტურებს, რომ რისკი ნამდვილად დიდია და ამის ალბათობა ყოველთვის იყო. საკრებულოს თავმჯდომარე აღიარებს, რომ წელს დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლების პრევენციის მხრივ არანაირი ღონისძიებები არ ტარდება.
ლევან ბაღაშვილი: ,,საკრებულომ 3 თებერვალს მიიღო განკარგულება, რის მიხედვითაც ჯანდაცვის რაიონული ცენტრის მიერ წარმოდგენილი ცოფთან ბრძოლის პროგრამა 11,350 ლარით დაფინანსდა. მასში შედის ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირება, პერსონალის გადამზადება, მოსახლეობის პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო საქმიანობა და ა.შ. ვფიქრობ, რომ მაწანწალა ძაღლების ლიკვიდაციის ძველი მიდგომა არაეფექტურია და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე ვმუშაობთ. საშიშროება დედოფლისწყაროში ნამდვილად არის, თუმცა ეს საფრთხე ყოველთვის იყო და რაიმე ახალს ვერ ვხედავ... ჯერჯერობით, დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლების პრევენციის არცერთი სახე არ არსებობს და ახლა ვმსჯელობთ, როგორ მივუდგეთ ამ საკითხს. დედოფლისწყაროში უკვე წლებია ასეთი ძაღლების ლიკვიდაცია მუნიციპალიტეტის მხრიდან არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე, რასაც მუნიციპალიტეტი აკეთებს, გახლავთ ის, რომ ვცდილობთ, ქალაქი ნაგვისგან გაიწმინდოს, რათა მათი თავყრილობის კერები არ შეიქმნას. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სუფთა ქალაქი გვქონდეს, რომ ქუჩის ძაღლებმა აღარ იარსებოს. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ დახურული ურნები შევიძინოთ, ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ძვირი საკითხია და დედოფლისწყაროსთვის ფუფუნებაა. რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ოფიციალურად აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ოფიციალურად ეცნობება და შესაბამისი ზომების გატარება დაიგეგმება," - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ საკითხების დასარეგულირებლად გაცილებით ჰუმანური გზები მოიძებნოს, რაზეც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий