среда, 1 июня 2011 г.

პოლიციის ახალი შენობის ეზოსა და მიმდებარე სკვერის მოსაწყობად საკრებულომ 140 000 ლარი გამოყო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გათვალისწინებულ თანხებს 140 000 ლარი ჩამოაჭრა და ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში მშენებარე, პოლიციის თანამედროვე, გამჭვირვალე შენობის ეზოსა და მიმდებარე სკვერის მოსაწყობად გადაამისამართა. დეპუტატებმა ცვლილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
,,ეს თანხა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა კონკრეტულად რაზე დაიხარჯებოდა წინასწარ გაწერილი არ იყო. ახლა, როცა რამდენიმე თვეში ჩვენს ქალაქს ახალი, თანამედროვე სტანდარტების პოლიციის გამჭვირვალე შენობა შეემატება, გადავწყვიტეთ, რომ მისი ეზო და მიმდებარე სკვერი კეთილმოეწყოს... სწორედ ამ მიზნით გამოვყავით ეს თანხა," - განუცხადა "ქიზიყს" ლევან ბაღაშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიციის რაიონული სამმართველოები ცენტრალურ დაფინანსებაზე იმყოფებიან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათთვის თანხების გამოყოფას არასამთავრობო სექტორი და იურისტები არასწორს და გაუმართლებელს უწოდებენ. მით უფრო, რომ პოლიციის მუშაობისთვის ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება.
ცნობილია, რომ გასული წლის 30 ივლისს, დედოფლისწყაროს საკრებულოს მიერ სოფელ არხილოსკალოში თანამედროვე პოლიციის გამჭვირვალე შენობის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი გამოიყო, რაც აჟიოტაჟის საბაბი გახდა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ოპოზიციური პარტიების კრიტიკის მიზეზად იქცა.
პოლიციის ახალი შენობის მშენებლობა ამჯერად ქალაქ დედოფლისწყაროში, ყოფილი კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. როგორც შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსმა გელა ბუნტურმა გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, შენობის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.
მოსახლეობის პროტესტი ასწლოვანი წიწვოვანი ხეების უმოწყალოდ გაჩეხვამაც გამოიწვია. სხვათაშორის, ამავე ადგილას სკვერის კეთილმოწყობისთვის გასულ წლებში ადგილობრივმა ბიუჯეტმა საკმაოდ სოლიდური თანხები დახარჯა, პოლიციის შენობის მშენებლობის დაწყებისთანავე კი წიწვოვანი ხეების განადგურების გარდა, მიმდებარე სკვერის ნაწილიც მწყობრიდან გამოვიდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
დედოფლისწყაროს ბიუჯეტი კიდევ 40 000 ლარით გაიზარდა

31 მაისს დედოფლისწყაროს საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე, რომელსაც 16 დეპუტატი დაესწრო, სხვადასხვა საკითხებში ცვლილებები შეიტანეს. გაირკვა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი ამჯერად კიდევ 40 000 ლარით გაიზარდა.
დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის I კვარტლის ანგარიში მოისმინეს და დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. მოხსენება გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა თამარ მათეშვილმა წარმოადგინა. საკრებულოს სხდომას გამგებლის მოადგილეები ალექსანდრე ალუღიშვილი და ემზარ ჯანაშვილიც ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე ცვლილებები შეიტანეს დედოფლისწყაროს სათნოების სახლის წესდებაში, სადაც დაემატა, რომ სათნოების სახლს დღის ცენტრი შეემატება, სადაც უნარშეზღუდულ ადამიანებს პირადი ჰიგიენის და გასართობი საშუალებები ექნებათ. ამას გარდა, დეტალურად გაიწერება ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დათვლილი ქულების მიხედვით მოხდება.დეპუტატებმა ამ საკითხსაც დაუჭირეს მხარი. სხდომას სათნოების სახლის დირექტორი ნუგზარ მახარაშვილიც ესწრებოდა.
სხდომის დასასრულ, დეპუტატებმა კენჭი უყარეს საკრებულოს თავმჯდომრის ლევან ბაღაშვილის უკრაინაში მივლინების საკითხს. როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უკრაინის ქალაქ ალექსანდროვსკას დაუმეგობრდა. ბაღაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინიდან მიიღეს მოწვევა, რის გამოც უახლოეს დღეებში დედოფლისწყაროს თვითმმართველობის წევრები დამეგობრებულ ქალაქში პირადად ჩავლენ. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ლევან ბაღაშვილის უკრაინაში მივლინების საკითხს.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლევან ბაღაშვილის მივლინების პერიოდში საკრებულოს თავმჯდომრის მოვალეობის შესრულება თავმჯდომრის მოადგილეს ზაზა ფიროსმანაშვილს დაეკისრება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий