четверг, 2 июня 2011 г.

14 წლის მოზარდი კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა

EXCLUSIVE ბოტულიზმის შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. 9 ძმის ქუჩაზე მცხოვრები 14 წლის გიორგი არაბული დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში მწვავე ინტოქსიკაციით მოათავსა. როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო:
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოზარდმა კიტრის კონსერვი მიირთვა, შემდეგ კი შებოლილი თევზეული მიიღო, რის შემდეგაც დაავადების ნიშნები გამოუვლინდა. სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია ორივე საკვებს შეეძლო გამოეწვია. ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად კატასტროფის ცენტრის ბრიგადა გამოვიძახეთ და პაციენტი თბილისში გადავიყვანეთ," - აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.
"ქიზიყის" ინფორმაციით მოზარდი თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის რჩება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

პროკურატურამ გველის ნაკბენით გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე მორიგე ექიმი დააკავა


EXCLUSIVE სიღნაღის პროკურატურამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგი გიორგი სეხნიაშვილი 2 ივნისს დააკავა. ეს ინფორმაცია ინტერნეტ გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს საავადმყოფოსა და პროკურატურაშიც დაუდასტურეს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გველის მიერ დაგესლილი ბავშვის სტაციონარში მიღების მომენტში დედოფლისწყაროს საავადმყოფოში სწორედ სეხნიაშვილი მორიგეობდა.
პროკურორ დავით დუღაშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ 130-ე მუხლით აღიძრა. აღნიშნული მუხლი სამედიცინო მუშაკის მიერ პაციენტის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. პროკურორის განმარტებით, არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში სხვა პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს:
,,130-ე მუხლი, სამედიცინო მუშაკის მიერ პაციენტისადმი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობას გულისხმობს, რამაც ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შესაძლოა, დამატებით რომელიმე მედიკოსის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ გამოიკვეთოს. ძიება გრძელდება," - აცხადებს პროკურორი.
ინტერნეტ გაზეთ "ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექიმს 3–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პრეზიდენტისა და ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, 3 წლის ამილ გასანოვის გარდაცვალების გამო საქმის შესწავლა რამდენიმე დღის წინ სამედიცინო რეგულირების სააგენტომაც დაიწყო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий