EXCLUSIVE დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა გველის ნაკბენით გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე დაკავებულ ექიმს გიორგი სეხნიაშვილს 3 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სიღნაღის პროკურატურა განსასჯელისთვის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
როგორც "ქიზიყის" კორესპონდენტი სასამართლო სხდომიდან იუწყება, დაკავებულის დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, დაკავებული ექიმი სახელმწიფოს სასარგებლოდ 4 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
,,სხდომაზე გიორგი სეხნიაშვილი დავახასიათე, როგორც დადებითი პიროვნება და კარგი ექიმი. მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომ გათავისუფლებას ვითხოვდით, რაც სამწუხაროდ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა. დაველოდებით მორიგ სხდომას და შეფასებებს მას მერე გავაკეთებთ," - აცხადებს დაკავებული მედიკოსის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, მორიგი სასამართლო სხდომა 4 ივლისს გაიმართება. გიორგი სეხნიაშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8-ე საპყრობილეში მოათავსებენ. თავად დაკავებული ექიმი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
დედოფლისწყაროს სასამართლო საჯარო ინფორმაციას მალავს?!
დედოფლისწყაროს სასამართლო უკვე მერამდენე თვეა ჩანიშნული პროცესების შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო დაფაზე აღარ ფენს. დადგენილი წესის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, განსახილველ საქმეთა თარიღები თვალსაჩინო ადგილას საჯაროდ წინასწარ გამოფინოს.
გაზეთ "ქიზიყის" რედაქცია ამ კუთხით სასამართლოს მონიტორინგს 7 თვეზე მეტია ახორციელებს, არაერთი სტუმრობის მიუხედავად საინფორმაციო დაფაზე დედოფლისწყაროს სასამართლოში ჩანიშნული სხდომების სია გამოკრული არ იყო. იგივე დავაფიქსირეთ 3 ივნისსაც.
აღნიშნული დარღვევის შესახებ "ქიზიყი" სასამართლოს პოზიციითაც დაინტერესდა. სასამართლო კანცელარიაში ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს და შენიშვნა მოსამართლის თანაშემწეს აცნობეს.
ჟურნალისტების ჩარევიდან 10 წუთში სასამართლო მანდატურმა ცხრილი საინფორმაციო დაფაზე გააკრა, თუმცა, ის მხოლოდ 1 კვირის მონაცემებს ასახავდა, ისიც მხოლოდ სამოქალაქო საქმეების შესახებ. ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეთა შესახებ.
იურისტების განმარტებით, ამ ნაბიჯით დედოფლისწყაროს სასამართლო ინფორმაციის დამალვას ცდილობს. მათი თქმით, დედოფლისწყაროს სასამართლო განსახილველ საქმეთა ნუსხას და ჩანიშნულ თარიღებს მისსავე საინფორმაციო დაფაზე ინტენსიურად უნდა ანახლებდეს, რაც ამ დრომდე არ ხდება. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий