понедельник, 6 июня 2011 г.

ფესტივალი ”არტ-გენი“ 18 ივნისს დედოფლისწყაროში, ფიროსმანის ეზოში გაიხსნება

EXCLUSIVE ყოველწლიური ფესტივალი ”არტ-გენი“ წელს დედოფლისწყაროში გაიხსნება. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით,18 ივნისს ფესტივალის მონაწილეებს სოფელ
მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზო უმასპინძლებს.
პოპულარული ფესტივალის სოფელ მირზაანში ჩატარების იდეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილს გაუჩნდა:
,,ნიკალას ეზო ძალიან ახლოს არის ამ ფესტივალის შინაარსთან. გაჩნდა იდეა, რომ ნიკალას მშობლიური სოფლის პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალი სწორედ აქ ჩაგვეტარებინა. დავუკავშირდით ორგანიზატორებს, პირადად გვქონდა საუბარი ზაზა კორინთელთან და ჯგუფი 33ა-ს წევრებთან. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, იდეა მათაც მოიწონეს და გადაწყდა, რომ წელს ფესტივალი სწორედ მირზაანში გაიხსნას. ეს აქცია თავისი შინაარსით იქნება როგორც დიდი მხატვრის, ისე სოფელ მირზაანის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება და მოხარული ვართ, რომ ორგანიზატორებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება, ორგანიზატორებს მხარში მაქსიმალურად დაუდგება და ვეცდებით, ფესტივალმა ჩვეული წარმატებით ჩაიაროს," - განუცხადა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.
ფესტივალი ”არტ-გენი“ ყოველწლიურად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება და ტრაციციული სახე აქვს. მასში მთელი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება რეგიონებიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებიც.
”არტ-გენი“ მუსიკოსების ზაზა კორინთელის (ზუმბას) და ნიაზ დიასამიძის ინიციატივით 2003 წელს დაფუძნდა. ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე, ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *

გვიან ღამით ბაზრის ტერიტორიაზე 32 წლის მამაკაცი დაჭრეს

დედოფლისწყაროში მცხოვრები 32 წლის რევაზ გურაშვილი საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. პაციენტს ბასრი ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დედოფლისწყაროს სტაციონარში გადაიყვანა.
როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა:
,,სამორიგეოში შეტყობინება დაახლოებით ღამის 12 საათისთვის შემოვიდა და მორიგე ექიმთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა. ავადმყოფი წამოდგომას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა. სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადავიყვანეთ," - აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.
,,პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მიღებისთანავე ჭრილობები დაუმუშავდა, ამჯერად მისი მდგომარეობა სტაბილურია," - აცხადებს ქირურგი ნუკრი ბაღაშვილი.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ რევაზ გურაშვილის სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე ადგილობრივი მკვიდრი მინდია გიგაური დააკავა. დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმადაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დამნაშავე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий