понедельник, 6 июня 2011 г.

ზურაბ ყოჩიაშვილი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პირობითი პატიმრობით გაათავისუფლეს

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის, შპს "სერვისი 2007"-ის უფროსი ზურაბ ყოჩიაშვილი, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ მიმდინარე წლის 10 მაისს დააკავა, უკვე გათავისუფლებულია. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ყოჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიება, გირაოს სანაცვლოდ, პირობითი პატიმრობით შეეცვალა. სარწმუნო წყაროს ცნობით, ზურაბ ყოჩიაშვილი სახელმწიფოს სასარგებლოდ 10 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
ამ საკითხის ირგვლივ, სასამართლო უწყებაში კონკრეტულ განაჩენზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. მოსამართლის თანაშემწეებმა და კანცელარიის უფროსმა "ქიზიყს" განუცხადეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ პასუხს წერილობითი ფორმით გაგვცემდნენ და მათ პოზიციას მხოლოდ წერილის ჩაბარებიდან 10 დღის შემდეგ მივიღებდით.
ამგვარი პასუხების მიღების შემდეგ "ქიზიყმა" დეტალების დაზუსტება სხვადასხვა წყაროებთან სცადა. როგორც "ქიზიყს" საფინანსო პოლიციის პრეს-სპიკერმა ნინო ჩუტკერაშვილმა განუცხადა, ყოჩიაშვილს სისხლის სამართლის 182-ე და 341-ე მუხლები წაუყენეს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩუტკერაშვილი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ ეს უკვე მათ კომპეტენციაში აღარ შედის და ამიტომაც შედეგით აღარ დაინტერესებულან.
დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახური ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შპს "სერვისი 2007"-ის თანამშრომლები "ქიზიყთან" საუბარში არ მალავენ, რომ კორუფციულ გარიგებებს ადგილი ინტენსიურად ჰქონდა:
,,ჩვენ უფროსს ვაფრთხილებდით, რომ ეს კანონდარღვევა იყო, მაგრამ ყურს არ გვიგდებდა. ვხვდებოდით, რომ ხელს ისეთ რაღაცეებზე ვაწერდით, რაც დაუშვებელი იყო. მეორე მხრივ, ზურას ვერ გავამტყუვნებთ. რასაც ზემოდან ავალებდნენ იმას აკეთებდა. ჩვენ ფინანსურ პოლიციასთან ვითანამშრომლეთ, რადგან იძულებით გვაწერინებდნენ ხელს საბუთებზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ზემოდან მითითებებს იღებდა და ყოჩიაშვილი ასე იმიტომ მოქმედებდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ყოჩიაშვილმა გირაოს თანხა 52 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ამბობენ, რომ გირაოს გადახდის მერე სამსახურის დირექტორობა ისევ სურს, მაგრამ წესით ეს დაუშვებელია... ბუღალტერმაც გამოძიებასთან ყველა დარღვევაზე ღიად ისაუბრა და ისიც ჩივილს გეგმავს. ჩვენმა ბუღალტერმა ბევრი სკანდალური რამ იცის და არაფერი დაუმალავს, ყველაფერი გაამხილა," - აცხადებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
საფინანსო პოლიცია დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურში არსებული დარღვევების შესწავლას ყოჩიაშვილის დაკავებამდე 3 თვით ადრე აწარმოებდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий