გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელი ფარნა მაყაშვილი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თელავიდან ეხმაურება და რეაგირებას გეგმავს. როგორც ფარნა მაყაშვილმა გაზეთ "ქიზიყს" აცნობა, მედიით გავრცელებული ბრალდებების ადგილზე შესასწავლად დედოფლისწყაროში თავისივე მოადგილე გელა ზოზიაშვილი მოავლინა. ზოზიაშვილი ადგილზე შეისწავლის რამდენად დაბინძურებულია წყლის რეზერვუარები დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში.

,,ინტერნეტ-გაზეთიდან თქვენს მიერ გავრცელებული სტატია - "გამრიცხველიანების მიუხედავად ოზაანში წყლის საფასურს სულადობრივად ახდევინებენ" დილითვე ამოვბეჭდეთ და რეაგირების მიზნით ჩემი მოადგილე დედოფლისწყაროში ჩამოვიდა. სტატიის ასლი მასაც თან აქვს და მოსახლეობის მიერ იქ დაფიქსირებულ ყველა ბრალდებას პირადად გადაამოწმებს. რაც მთავარია, ყველა რეზერვუარში არსებულ ვითარებას ფოტოზე დააფიქსირებს და დეტალურად შევისწავლით... თუ რეზერვუარები მართლაც დაბინძურებულია და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ბრალდებები სამართლიანია, ამ შემთხვევაში რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ და დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის თანამშრომლებს პასუხს მოვთხოვთ," - აცხადებს მაყაშვილი.
როგორც მაყაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აღნიშნავს, მან დედოფლისწყაროს სერვის ცენტრში მომხდარი ინციდენტის შესწავლაც დაიწყო. მისი თქმით, რეაგირებას მათი ოფისიდან ჟურნალისტების გაძევების ფაქტზეც მოახდენს. 7 ივნისს დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ოფისიდან ჟურნალისტები სრულიად უცხო ადამიანებმა გამოაძევეს. მომხდარის ირგვლივ შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შედეგად, ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ, რაც მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა.
კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელის მტკიცებით, ინციდენტის ირგვლივ რეაგირების მოსახდენად, მომხდარის ადგილზე გარკვევას მისი მოადგილე შეეცდება.
,,სამარცხვინო ფაქტია, გარეშე პირებს იქ არაფერი ესაქმებათ. ეს ჩემს თანამშრომელს რომ გაერკეთებინა, დაუყოვნებლივ გავათავისუფლებდი. ძალიან ვწუხვარ და მიმაჩნია, რომ ჟურნალისტებთან ამგვარი მიდგომა დაუშვებელია," - განმარტავს მაყაშვილი. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
გამრიცხველიანების მიუხედავად ოზაანში წყლის საფასურს სულადობრივად ახდევინებენ
ოზაანელები წყლის უხარისხობას აპროტესტებენ და დახმარებას ითხოვენ
სოფელ ოზაანის მაცხოვრებლები გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრს უპირისპირდებიან, სასმელი წყლის უხარისხობას ღიად აპროტესტებენ და რეაგირებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ წყალს ჭიაყელები მოჰყვება, ჟანგის ფერი აქვს და მისი სასმელად გამოყენება შეუძლებელია. "ქიზიყი" მათი პრობლემებით დაინტერესდა და ერთი დღე ოზაანის მაცხოვრებლებთან გაატარა.
,,ჩემს სახლთან მილი გასკდა, წყალკანალიდან მოვიდნენ, გაგვაფრთხილეს ხელი არ ახლოთ, თორემ დაგაჯარიმებთო. მაგრამ დღემდე არავინ აკეთებს. განუკითხაობა და უყურადღებობაა, ჩვენს სოფელს პატრონი არ ჰყავს," - აცხადებს ადგილობრივი მამუკა გარსენიშვილი.
,,ჩვენს სოფელს ე.წ. გედიქის წყალი წაართვეს და სოფელ ზემო მაჩხაანს მისცეს. სრული განუკითხაობაა. წყალი ზოგგან 24 საათით მოდის, ზოგ უბნებში კი საერთოდ არ მოდის. ზოგს გრაფიკითაც არა აქვს. რაც მთავარია, სოფლის გამგებელთან წყალი მუდმივად მოდის. სოფლის რწმუნებული მარტო ხელფასს იღებს, ყველაფერზე გაიძახის მე არ მეხებაო." - აღშფოთებულია ოზაანის მკვიდრი მთხოვარა ალადაშვილი.
,,წყლის მრიცხველები დააყენეს, მაგრამ მრიცხველის მიხედვით არ გვახდევინებენ, გაუგებარია ეს ხარჯი რისთვის გავწიეთ და გამრიცხველიანება რისთვის მოხდა, თუკი აღრიცხვა არ მოხდებოდა. სულზე 75 თეთრს გვახდევინებენ. თუ მრიცხველზე ბევრია დაწერილი მაშინ ჩვენების მიხედვით ვიხდით, თუ არადა სულადობის მიხედვით. რაც მთავარია ბასეინი საშინლად დაბინძურებულია და რეზერვუარს რომ არ რეცხავენ ასე უხარისხო წყალი იმიტომ გვაქვს. გედიქიდან მოყოლებული წყლის მილები ისევ კომუნისტური დროის დაფინეს, ისინი ჟანგიანია, არავის გამოუცვლია, საშინლად მოძველებულია და ამიტომაცაა, რომ დაბინძურებული წყალი მოდის," - აცხადებენ სტალინის ქუჩის მცხოვრებნი.
მოსახლეობის ბრალდებები "ქიზიყმა" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი ბენაშვილს და კახეთის რეგიონალურ ხელმძღვანელს ფარნა მაყაშვილს გააცნო:
,,ოზაანის რეზერვუარი შარშან გაიწმინდა, წელს გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, ჯერ ქალაქ დედოფლისწყაროს რეზერვუარებს გავრეცხავთ და რამდენიმე დღეში სოფლებსაც მივყვებით. უახლოეს დღეებში ოზაანის რეზერვუარიც გაიწმინდება," - განუცხადა "ქიზიყს" დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა გია ბენაშვილმა.
სოფელ ოზაანის მაცხოვრებლები ბენაშვილის ამ განცხადებას ცინიკურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი ცრუობს. ისინი ირწმუნებიან, რომ სოფლის რეზერვუარში მეტრაზე მეტი სიმაღლის ტალახია დალექილი და ის დიდი ხანია არავის გაუწმენდია. მათი თქმით, რეზერვუარი არც გასულ წელს გაწმენდილა და არც ახლა აქვთ მისი გარეცხვის იმედი. ოზაანელები შესაბამის სამსახურებს მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ და რეაგირებას ელიან. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი, ოზაანიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий