воскресенье, 29 мая 2011 г.

ერთ-ერთ ფერმაში გველმა ორი მოზარდი დაკბინა, 3 წლის გოგონა გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე მეცხოველეობის ფერმაში ორი მოზარდი გველმა დაკბინა. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში მყოფი 3 წლის გოგონა, ფატია მალიევი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ვანო ნატროშვილიც ადასტურებს.
მისი თქმით, გოგონას ნაკბენი ქვედა კიდურზე აღენიშნებოდა: ,,პაციენტის ვითარება განსაკუთრებით რთული იყო, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო," - აცხადებს ნატროშვილი.
სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ის თბილისში ჩაყვანამდე გზაში გარდაიცვალა. მედიკოსები მიზეზად დაგვიანებულ მკურნალობას ასახელებენ. ფერმა, სადაც შემთხვევა მოხდა, რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილია, რამაც გოგონას დროული ტრანსპორტირება შეაფერხა.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, მეცხოველეობის ფერმაში გველმა კიდევ ერთი მოზარდი დაკბინა. დედოფლისწყაროელი მედიკოსების განცხადებით, ამილ კასანოვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ის საგარეჯოს რაიონში ცხოვრობს და დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ფერმაში მუშაობს.
შეგახსენებთ, ეს ფაქტი დედოფლისწყაროში გველის ნაკბენით გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს, სოფელ სამთაწყაროში სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, 34 წლის ნარგიზა ხოზრევანიძე ვენახში ყოფნისას სწორედ ქვეწარმავალის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

დედოფლისწყაროს თვითმმართველობა უკრაინაში სამუშაო ვიზიტს გეგმავს

ივნისის მეორე ნახევარში დედოფლისწყაროს თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრებიან. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა განუცხადა.
როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უკრაინის ქალაქ ალექსანდროვსკას დაუმეგობრდა. ამ მიზნით, უკრაინელები რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს სტუმრობდნენ.
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქ ალექსანდროვსკას მერმა ნიკოლაი გრეკოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 11 აპრილს მოაწერეს.
,,ამ მემორანდუმის მიხედვით ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. მინდა გითხრათ, რომ სამომავლო თანამშრომლობის გეგმა საკმაოდ მოცულობითია და თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ისინი ცალკეულ პუნქტებად არის გაწერილი და მასზე მუშაობა სწორედ ახლა მიმდინარეობს. დაწვრილებით ჯერ არაფერია ცნობილი, არც ის ვიცით, კონკრეტულად ვინ გავემგზავრებით, თუმცა სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გამგზავრებას ვგეგმავთ," - განუცხადა "ქიზიყს" ლევან ბაღაშვილმა.
დამეგობრებული ქალაქები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий