დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივ ოპოზიციურ პარტიებთან და მათ ხელმძღვანელ პირებთან 18 მაისს დღის 12:00 საათზე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს #14-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ნინო ბულაშვილმა აცნობა.
ბულაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხები იქნება განხილული, ამასთან კომისია ოპოზიციის შენიშვნებსა და წინადადებებს მოისმენს.
"ქიზიყის" ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს. რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიოზაციის ლიდერი ნოდარ ტოკლიკიშვილი შეხვედრას იმ მიზეზით არ დაესწრება, რომ მათ შენიშვნებს საოლქო კომისია არასოდეს ითვალისწინებს. ოპოზიციის დანარჩენი კანდიდატები კი სხდომაზე სხვადასხვა საკითხების დაყენებას გეგმავენ:
,,ლეიბორისტები შეხვედრას დავესწრებით, გვინდა დავსვათ საკითხი, თუ რატომ არის დაკომპლექტებული საოლქო კომისია მთლიანად ნაციონალური მოძრაობის კადრებით და რატომ არ არის მათ შემადგენლობაში ნამდვილი ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი მაინც... ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ რა საკითხიც უნდა დავაყენოთ, ყველა მათგანი ხელისუფლების სასარგებლოდ წყდება-ხოლმე," - აცხადებს ლეიბორისტების ადგილობრივი კოორდინატორი ბესიკ ცისკარაული.
შეხვედრაზე დასწრებას გეგმავენ ახალი მემარჯვენეების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წევრებიც. შეგახსენებთ, საოლქო კომისიამ ამგვარი შეხვედრები ადრეც გამართა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
მწვავე პნევმონიით 1 წლის გოგონა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს
კატასტროფის ცენტრმა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედიდან 1 წლის ნინო რაზიკაშვილი ფილტვების მწვავე პნევმონიით თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმმა ანა ლამაზოშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, პაციენტს გრიპის გართულებული ფორმა, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა:
,,ორშაბათს საღამოს სოფელ ქვემო ქედიდან სტაციონარში 2010 წლის 20 მაისს დაბადებული გოგონა შემოიყვანეს. რთული დიაგნოზია და თბილისში გავაგზავნეთ,"- აცხადებს ექიმი.
პაციენტის დედის, მარიამ რაზიკაშვილის განცხადებით, ბავშვი ამჟამადაც რეანიმაციაში განაგრძობს მკურნალობას. გოგონას მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий