пятница, 28 февраля 2014 г.

ვინ არის მატყუარა - დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე, თუ ჟურნალისტი?

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის დასამტკიცებლად გამართულ საკრებულოს სხდომაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს. როგორც kakhetinews.ge-სთან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ნატროშვილი აცხადებს,საკრებულოს სხდომა დახურული არ იყო. მისივე თქმით, სხდომა  ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსდა და ნებისმიერ ჟურნალისტს შეეძლო დასწრებოდა.
როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, საკრებულოს სხდომა საიდუმლო ვითარებაში ჩატარდა და მის შესახებ არცერთი ადგილობრივი მედიასაშუალების წარმომადგენელი არ იყო ინფორმირებული.
- ბატონო ლევან, როდესაც საკრებულოს სხდომა ინიშნება,  პრესსამსახური აგებინებს თუ არა მედია საშულებებს  ამის შესახებ?
- არა არავის არ აგებინებს...
- ანუ გამგებლის დანიშნის შესახებ თვენ მედიისათვის არ შეგტყობინებიათ?
- ჩვენ ვაქვეყნებთ რამდენიმე დღით ადრე აღნიშნულ ინფორმაციას, შესაბამისად ნებისმიერ მედიასაშუალებას შეუძლია გადაამოწმოს და ეს იცოდეს. ვისაც სურვილი აქვს და დაინტერესებულია, შეუძლია გაიგოს, ჩვენ დაფარული და დამალული არაფერი გვაქვს.
- თუმცა, ჟურნალიტმა ილია მარტყოფლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საიდუმლო ვითარებაში დაინიშნა გამგებელი და მედიისთვის საკრებულოს სხდომის შესახებ არავის შეუტყობინებია, რას გვეტყვით ამის შესახებ?
- მე საერთოდ არ ვუსმენ და არასერიოზულად მიმაჩნია ილია მარტყოფლიშვილი რასაც წერს თავის გაზეთში ... ბევრ ტყუილს წერს მოკლედ რაა...

   საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას, ტყუილს უწოდებს ინტერნეტ გაზეთი ,,ქიზიყის'' რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი.

 - ილია როგორ აფასებ რატომ არ დაასწრეს მედია საკრებულოს სხდომაზე?
 - საკრებულოში სხდომების ანონსირების ტრადიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის და თავმჯდომარედ ლევან ნატროშვილის არჩევისთანავე დაირღვა. ცნობილი ფაქტია, რომ მისი წინამორბედი ლევან ბაღაშვილი საკმაოდ კონტაქტური და ჟურნალისტებთან ძალზე გახსნილი იყო. საკრებულოში სხდომების წინასწარ ანონსირების ტრადიცია ჩემმა კოლეგამ ინგა შიოლაშვილმა დანერგა, რომლის ძალისხმევითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი ამუშავდა და წინა დღეებში ანონსდებოდა სხდომის ჩატარების დრო და დღის წესრიგი. წელიწად ნახევარზე მეტია ასეთი რამ აღარ მომხდარა, მეტიც მათი ვებ-გვერდი სრულიად პარალიზებულია. არ შეეფერება სიმართლეს, იმიტომ რომ არსად დაწერილა.. მხოლოდ კოლიდორში გამოაკრავენ ხოლმე ორი საათით ადრე... ინტერნეტში არსად იწერება. საკრებულოს დაფაზე გამოცხადებული სხდომას კი მედია ვერ დაესწრება. მანამდე გვირეკავდნენ კიდეც. მანამდე ყველა სხდომას ვესწრებოდით, რაც ახლა ოცნებად გვექცა. როდესაც გარკვევას ვცდილობთ, რატომ არ ანონსდება, ჩვენ გვპასუხობენ რომ ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავენ და საკრებულოს დაფაზე ამობეჭდილი ფურცლის გამოკვრა სრულიად საკმარისია. ყოველ წუთას ეს დაფა უნდა ვამოწმოთ, რომ სხდომა არ გამოგვეპაროს? ის რომ მედია არ ესწრება ეს პირველ რიგში მათი მიდგომის გამო ხდება. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სხდომები 10 წუთში სრულდება და ძირითადად დისკუსიის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და ჯანსაღი მსჯელობის გარეშე მიმდინარეობს. საწინააღ,დეგო აზრის დაფიქსირება თითქმის არასოდეს ხდება და დეპუტატები ყველა საკითხს მხარს უჭერენ.
 - საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ რამდენიმე დღით ადრე ქვეყნდება ინფორმაცია სხდომის შესახებ ...
 - ვერ ვიგებთ ისე ჩუმად ატარებენ საკრებულოს სხდომებს, თორემ მაგას გამოძევებას დავარქმევდით და .. არ გვატყობინებენ
 - საკრებულოს თავმჯდომარე პირადად აცხადებს, რომ ბევრ ტყუილს წერ და არასერიოზულად უყურებს შენს გაზეთს. როგორ ფიქრობ რამ განაპირობა საჯარო მოხელის შენდამი ასეთი დამოკიდებულება?
 - მისი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ის როგორც ნაციონალი ჯერ დეპუტატ ზაზა კედელაშვილის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, როგორც მისივე თანაგუნდელები ამბობენ, ივანიშვილის ესკორტისთვის ლურსმნების დაყრა დაავალა, როცა დედოფლისწყაროში ღარიბაშვილი და ივანიშვილი წინასაარჩევნოდ იმყოფებოდნენ. ამ ყველაფერში წლების მანძილზე ქიზიყი.ჯი მას ამხელდა.. არ სიამოვნებს სწორედ ამიტომ, თუმცა მისი სიამოვნების მიხედვით არ უნდა წყდებოდეს. აქტიური ნაციონალი კი უცებ საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელზე მოხვდა, მისი შეცდომების მიუხედავად... ჩვენი ინტერნეტგაზეთი ერთადერთია, რომელიც ამ ყველაფერზე საუბრობდა. ჩემთვის სულაც არაა დამამცირებელი, თუ ნატროშვილი არასერიოზულად აღიქვამს ჩემს მასალებს... ზოგადად, ცნობილია, რომ ის ჟურნალისტებს არ სწყალობს.

მაკა მოსიაშვილი - „კახეთის ხმა“

პ.ს. კიდევ ერთხელ გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე სხდომის ანონსი არ განთავსებულა. სხდომის ანონსი მხოლოდ საკრებულოს დაფაზე გაიკრა, ისიც მხოლოდ მეორე სართულზე და არა პირველზე, სადაც გაცილებით მეტი ადამიანი ნახავდა. ამდენად, "საკრებულოს თავმჯდომარედ" წოდებულ ლევან ნატროშვილის განცხადება, თითქოს სხდომა სადმე დაანონსდა სიცრუეა. მითუფრო, წინა ორი დღე შაბათი-კვირა გახლდათ, რის გამოც ანონსი რამდენიმე დღით ადრე ვერ გამოიკვრებოდა. /ქიზიყი/

ამავე თემაზე: საკრებულომ დედოფლისწყაროს გამგებელი საიდუმლო ვითარებაში დაამტკიცა
.

четверг, 27 февраля 2014 г.

ფიროსმანის მუზეუმის თანამშრომლებს გადამზადება უტარდებათ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, მუზეუმ-ნაკრძალებისა და მუზეუმების ფონდის მცველებისა და კოლექციათა ატრიბუციის სპეციალისტებისთვის გამართულ ტრენინგებზე ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლებიც გადამზადდნენ. ამის შესახებ „ქიზიყს“ სააგენტოდან აცნობეს.

ტრენინგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ გახსნა. ის თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს სამუზეუმო კოლექციათა მართვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტის _ დოკუმენტირება-სისტემატიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის შევსების, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების, საინვენტარო წიგნების შევსების, ექსპონატთა ინვენტარიზაციის, სამუზეუმო კოლექციათა დაცვის, ევაკუაციის, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციისა და აღნიშნული მასალის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის ბაზაში განთავსების საკითხები. /ქიზიყი/

სასამართლომ არხილოსკალოს სკოლის პედაგოგის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სიღნაღის სასამართლომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ლიანა ბუთხუზი სკოლაში აღდგენას ითხოვს, მის ინტერესებს სასამართლოში პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი იცავს.
პროფკავშირში აცხადებენ, რომ დირექტორმა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე პირადი ინტერესებით გაათავისუფლა, რადგან დირექტორთა არჩევნებში არასასურველი კადრი მოეშორებინა. ბუთხუზს სკოლაში საათებიც ჩამოერთვა. ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სკოლის დირექტორი გამუდმებით სამეურვეო საბჭოს დატოვებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლებით ემუქრებოდა.
როგორც პედაგოგთა პროფკავშირის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე მაყვალა მაძღარაშვილი ამბობს, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
სკოლის დირექტორმა რამდენიმე კვირის წინ სერტიფიცირება ვერ გაიარა, პედაგოგთაგან ლიცენზიის მოპოვება არავის უცდია. თუმცა, დირექტორობის უფლება და შესაბამისი ლიცენზია ამავე სოფლის ლაბორანტმა მაია სიმონიძემ მოიპოვა.
მოქმედი დირექტორი ნათელა ბუთხუზი კატეგორიულად უარყოფს პროფკავშირის წარმომადგენელთა ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე უკანონოდ არ გაუთავისუფლებია. მას ამ საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველაფერია ნათქვამი. დირექტორს გული წყდება, რომ გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა. ამბობს, რომ განაწყენებულის პოზიცია არ აქვს და თავს ჩაჭრილად არ გრძნობს, ის მომხრეა, რომ ახალი თაობის კადრები მოვიდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 25 февраля 2014 г.

ფიროსმანის მუზეუმში ვიზიტორთა რიცხვის ზრდა არ შეინიშნება

EXCLUSIVE - ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმს 2013 წლის განმავლობაში 1 113 ვიზიტორი ეწვია, საიდანაც ფინანსურმა შემოსავალმა 3 303 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „ქიზიყს“ ფიროსმანის მუზეუმში ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით განუცხადეს.
მონაცემები მოიცავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანსა და თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მუზეუმების მაჩვენებელს.
ფიროსმანის მუზეუმის ყოფილი მმართველი, ნელი გობეჯიშვილი, რომელიც მუზეუმს გასული წლის აგვისტომდე ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ სტატისტიკა არ გაზრდილა და შემცირების ტენდენცია ჩანს.
,,მეგონა, ინტერესი მეტად გაიზრდებოდა, მაგრამ როგორც ვიცი, ოქტომბრის შემდეგ არავინ მისულა. ზამთარი ძალიან მძიმე სეზონია. რა ციფრებიც დასახელდა, ზრდა ნამდვილად არ შეინიშნება. მანამდე, თვეების მიხედვით გასული წლის მონაცემებს ვამთხვევდით ხოლმე. 2011 წელს საშინლად ცუდი სურათი იყო, შემდეგ გაუმჯობესდა. დეტალურად არ მახსოვს, თუმცა 2013 წლის პირველ ნახევარში ვიზიტორთა რიცხვი წინა წლის მონაცემებს უტოლდებოდა, ვცდილობდი, რომ სხვადასხვა გზებით მომეზიდა დამთვალიერებელი. ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა შეაფასოს, რატომ არ ფიქსირდება ტურისტების ზრდა,“ - აღნიშნავს ნელი გობეჯიშვილი.
მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გობეჯიშვილი საკუთარი განცხადების საფუძველზე 2013 წლის აგვისტოში გათავისუფლდა, რის შემდეგაც მმართველად კვლავაც ანზორ მაძღარაშვილი დააბრუნეს. მაძღარაშვილი ამ პოზიციას გობეჯიშვილის დანიშვნამდე იკავებდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავდნენ, რომ მაძღარაშვილი დროებით მოვალეობის შემსრულებლად ინიშნებოდა და ოქტომბერ-ნოემბერში კონკურსი გამოცხადდებოდა, თუმცა ამ დრომდე მმართველის ვაკანსიაზე კონკურსი არ დანიშნულა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

თბილისის პროკურატურა დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრების უკრაინაში ვიზიტით დაინტერესდა


რა კავშირი აქვთ ლევან ჯამალაშვილს, ნიკოლოზ შანშიაშვილს, ზაზა ფიროსმანაშვილსა და დედოფლისწყაროს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ლეკაშვილს უკრაინასთან... მათი გვარები იმ სიაში აღმოვაჩინეთ, რომლითაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პროკურატურა დაინტერესდა. 
რა მიზნით იმყოფებოდნენ დედოფლისწყაროელი საჯარო მოხელეები უკრაინაში, ვინ დააფინანსა მათი სამდღიანი ვიზიტი 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რატომ შეეპარა ეჭვი უკრაინულ მხარეს ქართველი სტუმრების კეთილსინდისიერებაში.  იხილეთ ვიდეო რეპორტაჟი>>


საქართველოს პროკურატურა 2010 წელს დამკვირვებლის სტატუსით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩასული ქართველი მოქალაქეების საქმით დაინტერესდა. ცესკო-ში ადასტურებენ, რომ პროკურატურამ დამკვირვებელთა სია მოითხოვა.
დამკვირვებლების უკრაინაში გაგზავნით საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. 2000 კაციანი სია იმავე პერიოდში უკრაინულმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს და საეჭვო გარემოებებზე მიანიშნებდნენ. სიაში მართლაც აღმოჩნენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პოლიციაში დასაქმებული პირები. მაგალითად, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოსა და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობების თანამშრომლები. მიუხედავად თანამდებობებისა, შევსებულ ანკეტებში ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ უმუშევარია.
უკრაინაში იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. სიაში იძებნება დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი, ლევან ჯამალაშვილი, რომელიც ამჟამად დედოფლისწყაროს საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალებს“ გამოეყო და ეგრედწოდებულ დამოუკიდებელ ფრაქცია „ხორნაბუჯს“ ხელმძღვანელობს. ზოგადად, მრავალპარტიაგამოცვლილი ლევან ჯამალაშვილი დედოფლისწყაროში არჩევნების გაყალბების დიდოსტატის რეპუტაციით სარგებლობს. ამას გარდა, უკრაინაში იმყოფებოდა დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი. სიაში იძებნება პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილიც. ყველა მათგანი ნაცმოძრაობის აქტიური სახე იყო, თუმცა ამათგან ლევან ჯამალაშვილი და ზაზა ფიროსმანაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდში გადასვლას ცდილობენ. მათ საკრებულოში ფრაქცია ნაციონალები უკვე დატოვეს.
საქართველოდან უკრაინაში არჩევნების პროცესის დასაკვირვებლად ჩასული მოქალაქეები კენჭისყრას ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის და კორესპონდენტის სტატუსით უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საეჭვო გარემოებების გამო მათ აკრედიტაცია ვერ გაიარეს. ამასთან, მათ მიერ დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდება და ცნობები არ იძებნება.
საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილმა ქართულმა დესანტმა უკრაინაში სამი დღე დაჰყო. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით ქართველი საჯარო მოხელეების უკრაინაში ცხოვრება დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდა. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააფინანსა. სწორედ ამ თანხის მიზნობრიობას იკვლევს ქართული პროკურატურა.
4 წლის შემდეგაც პასუხგაუცემელია კითხვები, ვისი მიწვევით გაემგზავრა 2000 ქართველი უკრაინაში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად. ისინი დონეცკში ჩარტერული რეისით „საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავმა ჩაიყვანა. ქალაქი დონეცკი ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერთა პლაცდარმად ითვლება. დონეცკის მერმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ყველაზე საეჭვო დეტალზე - ყველა ქართველი დამკვირვებელი მამაკაცია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 24 февраля 2014 г.

საკრებულომ დედოფლისწყაროს გამგებელი საიდუმლო ვითარებაში დაამტკიცა

დედოფლისწყაროს საკრებულომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლად ნიკოლოზ ჯანიაშვილის კანდიდატურა საიდუმლო ვითარებაში დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე მედია არ მიუწვევიათ.
თავის მხრივ, დედოფლისწყაროს საკრებულო სხდომებს, ძირითადად, დაანონსებისა და პრესის მიწვევის გარეშე ატარებს.
დედოფლისწყაროს გამგებლის პრესმდივანის მარი მგალობლიშვილის განმარტებით, სხდომა იმდენად მოულოდნელად დაიწყო და მალე დასრულდა, მედიის მიპატიჟება ვერ მოასწრო.
საკონკურსო კომისიამ კონკურსანტთაგან უპირატესობა ნიკოლოზ ჯანიაშვილის კანდიდატურას მიანიჭა.
ახლადდანიშნული გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დღესვე გამგეობის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსებს და სოფლის რწმუნებულებსაც შეხვდა.
ქიზიყი.ge-ს რედაქცია მომხდარზე წუხილს გამოხატავს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, გამგეობასა და საკრებულოს მეტი გამჭვირვალეობისკენ მოუწოდებს და სხდომებზე მედიის დასწრების აუცილებლობაზე მიანიშნებს. /ქიზიყი/

ვაშლოვანის ნაკრძალში, მწყემსების დაუდევრობით, 1 000 ჰა დაიწვა

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ე.წ. „ნათლისწყლის ხეობაში“ დაახლოებით 1 000 ჰექტრამდე საძოვარი დაიწვა. ინფორმაციას ნაკრძალის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.  მათი განცხადებით, ცეცხლი სავარაუდოდ, მწყემსების მიერ გაჩნდა, რაც ბოლო დროს გახშირდა.
ადმინისტრაცია დამნაშავე მწყემსის ვინაობასაც აკონკრეტებს. მათი მტკიცებით სამართალდამრღვევ ნოდარ ჯიხიაშვილის ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლიკვიდირებული იქნა ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომლებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ.
მწყემსის მიმართ უკვე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამავე კოდექსის 76- მუხლის მეორე ნაწილით, რაც 200 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ვაშლოვანის კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში მდებარეობს. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. ვაშლოვანი უნიკალური მცენარეებით გამოირჩევა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი


„ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზვიად ჯავახიშვილი აირჩიეს

დედოფლისწყაროში 21 თებერვალს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა. სხდომას, რომელიც ახალ სპორტულ დარბაზში ჩატარდა, დელეგატები ყველა სოფლიდან ესწრებოდნენ.
რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავაც ზვიად ჯავახიშვილი აირჩიეს, ის მანამდეც ამ პოზიციას იკავებდა, თუმცა თავმჯდომარეობამდე დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი გახლდათ.
ზვიად ჯავახიშვილი ქართული ოცნების დედოფლისწყაროს ორგანიზაციას მომდევნო ოთხი წლის გნმავლობაში უხელმძღვანელებს.

სხვათაშორის, პარტიას წინა ყრილობის მსგავსად, ადგილობრივი ჟურნალისტები არც ამჯერად მიუწვევია. /ქიზიყი/

четверг, 20 февраля 2014 г.

ეკლესიის ძარცვისთვის გასამართლებულს ფსიქიკური აშლილობა დაუდასტურდა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოს სერაფიმე საროველის ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე გასამართლებულ აკაკი ფ-შვილს ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა. ინფორმაცია ქიზიყი.ge-ს დედოფლისწყაროს პრობაციის ოფისში დაუდასტურეს.
მათი განმარტებით, პირობით მსჯავრდებულს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა, კახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, სარეაბილიტაციო კურსი და მედიკამეტოზური მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდება.
დედოფლისწყაროს პრობაციის ოფისში, აკაკის მიმართ ჩატარებული ინდივიდუალური მუშაობისას, გაირკვა, რომ პრობაციონერს ფსიქიკური ხასიათის პრობლემები აღენიშნებოდა, რაც სირთულეებს უქმნიდა მისი ოჯახის წევრებს. პრობაციის ოფიცრის ხელშეწყობით, პირობით მსჯავრდებულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა დედოფლისწყაროს რაიონში არსებულ კლინიკა „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში“. კლინიკის დირექციასთან მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა, რომ პაციენტი კლინიკის ბაზაზე უფასოდ გაივლის ექვსთვიან სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს და, ასევე, უფასოდ მიიღებს საჭირო მედიკამენტებს.
სოფელ სამრეკლოს ეკლესიიდან 6 აგვისტოს 55 ლარი დაიკარგა. დაკავებული 7 შვილიანი ოჯახის წევრია. მან მოპარული თანხით პური და ძეხვი შეიძინა, დანარჩენი თანხა კი არ დაუხარჯავს.
სოფელ სამრეკლოში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს საკუთარი ჭერი არ აქვს, რის გამოც სოფლის აბანოს ყოფილ შენობას აფარებენ თავს. /ქიზიყი.ge/ ილია მარტყოფლიშვილი

არხილოსკალოს სკოლიდან სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გათავისუფლების საქმეს სასამართლო განიხილავს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორის მიერ სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უკანონოდ გათავისუფლების საკითხს სიღნაღის რაიონული სასამართლო განიხილავს. სასამართლო პროცესი 21 თებერვალს განახლდება. პედაგოგის ინტერესებს სასამართლოში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი იცავს.
„სასამართლოში სარჩელი ჩვენმა ორგანიზაციამ შეიტანა. ამას გარდა, მივმართეთ განათლების სამინისტროს და მათ თავის მხრივ მოახდინეს რეაგირება, დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავსირებით, საქმე გადაეცა პროკურატურას,“ - განუცხადა „ქიზიყს“ პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.
სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორმა ნათელა ბუთხუზმა 2013 წლის 1 ნოემბერს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა ამავე სკოლის პედაგოგსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ლიანა ბუთხუზს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ახლად არჩეული იყო.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში აცხადებენ, რომ ლიანა ბუთხუზის გათავისუფლების საქმე პროფკავშირის იურისტმა დეტალურად შეისწავლა და დარღვევები გამოიკვეთა. კერძოდ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, სკოლის დირექტორმა ნათელა ბუთხუზმა, 2013 წლის 1 ნოემბრით დათარიღებულ გათავისუფლების ბრძანებაში საფუძვლად მიუთითა ხელშეკრულების ვადის გასვლა. ის ამტკიცებს, რომ 2013 წლის 15 სექტემბერს (ანუ იმ დღეს, როდესაც სკოლასა და ლიანა ბუთხუზს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა) გამოსცა ბრძანება, რომლითაც შრომითი ურთიერთობა ლიანა ბუთხუზს თვენახევრით გაუგრძელა და სწორედ ამ პერიოდის გასვლის გამო, 2013 წლის 1 ნოემბერს, პედაგოგს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. ლიანა ბუთხუზი კი აცხადებს, რომ იგი აღნიშნულ ბრძანებას არ გასცნობია და მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ შიეტყო მისი არსებობის შესახებ, რაც ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევაა. ამასთან, შრომის კოდექსში ახლად განხორციელებული ცვლილებების თანახმად დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაქმებულთან დაედო შრომითი ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლით, _ აცხადებენ პედაგოგთა პროფკავშირში. პროფკავშირში ეჭვობენ, რომ შრომითი ურთიერთობის თვენახევრით გაგრძელების შესახებ ბრძანება არის მოგვიანებით ჩამატებული, გაყალბებული დოკუმენტი და ის დირექტორის მიერ გამოიცა, საკუთარი უკანონო ქმედების გასამართლებლად.
პროფკავშირ ფიქრობენ, რომ რადგან ამჟამად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსს, რომლის ბოლო ეტაპზე სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორს ირჩევს, არ არის გამორიცხული, პედაგოგის გათავისუფლების დროს დირექტორი მოქმედებდა პირადი მოტივებით, თავისი კარიერული ინტერესებიდან გამომდინარე _ ჩამოეცილებინა მისთვის არასასურველი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
ამასთან, პედაგოგთა პროფკავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სპმთპ-ის იურისტი, გრიგოლ ბაკურაძე გამოცხადდა სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში და შეხვდა საჯარო სკოლის დირექტორს. დირექტორის უკანონო გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით, სპმთპ-ის იურისტმა საჯარო სკოლის დირექტორს განუმარტა მისი მიერ ჩადენილი დარღვევები და შესთავაზა პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტის გზები, თუმცა უარი მიიღო.

ქვეყნის მასშტაბით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ან წევრი გახდა დირექტორის მხრიდან ანგარიშსწორების ობიექტი. ყველა შემთხვევაში სპმთპ-მა მოახდინა დროული რეაგირება და დირექტორებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად შესძლო თავისი წევრების დაცვა. დედოფლისწყაროს არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორმა პირად საუბარში აღიარა მის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მაგრამ პრინციპულად არ შეცვალა გადაწყვეტილება, რის გამოც სპმთპ-მა უკვე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს სათანადო რეაგირების მოთხოვნით. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ), უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგის სამსახურში აღდგენის მიზნით, დავას სასამართლოში გააგრძელებს, _ აცხადებენ პედაგოგთა პროფკავშირში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი