вторник, 25 февраля 2014 г.

თბილისის პროკურატურა დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრების უკრაინაში ვიზიტით დაინტერესდა


რა კავშირი აქვთ ლევან ჯამალაშვილს, ნიკოლოზ შანშიაშვილს, ზაზა ფიროსმანაშვილსა და დედოფლისწყაროს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ლეკაშვილს უკრაინასთან... მათი გვარები იმ სიაში აღმოვაჩინეთ, რომლითაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პროკურატურა დაინტერესდა. 
რა მიზნით იმყოფებოდნენ დედოფლისწყაროელი საჯარო მოხელეები უკრაინაში, ვინ დააფინანსა მათი სამდღიანი ვიზიტი 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რატომ შეეპარა ეჭვი უკრაინულ მხარეს ქართველი სტუმრების კეთილსინდისიერებაში.  იხილეთ ვიდეო რეპორტაჟი>>


საქართველოს პროკურატურა 2010 წელს დამკვირვებლის სტატუსით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩასული ქართველი მოქალაქეების საქმით დაინტერესდა. ცესკო-ში ადასტურებენ, რომ პროკურატურამ დამკვირვებელთა სია მოითხოვა.
დამკვირვებლების უკრაინაში გაგზავნით საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. 2000 კაციანი სია იმავე პერიოდში უკრაინულმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს და საეჭვო გარემოებებზე მიანიშნებდნენ. სიაში მართლაც აღმოჩნენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პოლიციაში დასაქმებული პირები. მაგალითად, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოსა და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობების თანამშრომლები. მიუხედავად თანამდებობებისა, შევსებულ ანკეტებში ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ უმუშევარია.
უკრაინაში იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. სიაში იძებნება დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი, ლევან ჯამალაშვილი, რომელიც ამჟამად დედოფლისწყაროს საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალებს“ გამოეყო და ეგრედწოდებულ დამოუკიდებელ ფრაქცია „ხორნაბუჯს“ ხელმძღვანელობს. ზოგადად, მრავალპარტიაგამოცვლილი ლევან ჯამალაშვილი დედოფლისწყაროში არჩევნების გაყალბების დიდოსტატის რეპუტაციით სარგებლობს. ამას გარდა, უკრაინაში იმყოფებოდა დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი. სიაში იძებნება პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილიც. ყველა მათგანი ნაცმოძრაობის აქტიური სახე იყო, თუმცა ამათგან ლევან ჯამალაშვილი და ზაზა ფიროსმანაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდში გადასვლას ცდილობენ. მათ საკრებულოში ფრაქცია ნაციონალები უკვე დატოვეს.
საქართველოდან უკრაინაში არჩევნების პროცესის დასაკვირვებლად ჩასული მოქალაქეები კენჭისყრას ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის და კორესპონდენტის სტატუსით უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საეჭვო გარემოებების გამო მათ აკრედიტაცია ვერ გაიარეს. ამასთან, მათ მიერ დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდება და ცნობები არ იძებნება.
საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილმა ქართულმა დესანტმა უკრაინაში სამი დღე დაჰყო. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით ქართველი საჯარო მოხელეების უკრაინაში ცხოვრება დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდა. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააფინანსა. სწორედ ამ თანხის მიზნობრიობას იკვლევს ქართული პროკურატურა.
4 წლის შემდეგაც პასუხგაუცემელია კითხვები, ვისი მიწვევით გაემგზავრა 2000 ქართველი უკრაინაში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად. ისინი დონეცკში ჩარტერული რეისით „საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავმა ჩაიყვანა. ქალაქი დონეცკი ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერთა პლაცდარმად ითვლება. დონეცკის მერმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ყველაზე საეჭვო დეტალზე - ყველა ქართველი დამკვირვებელი მამაკაცია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий