
EXCLUSIVE – საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი მიესალმება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 10 აპრილის სხდომაზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ შეფასება გონაშვილმა „ქიზიყთან“ საუბარში ექსკლუზიურად გააკეთა.
„ამ დრომდე მთავრობის დადგენილების თანახმად საძოვრების გადასახადი 15 ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა დედოფლისწყაროს საკრებულოს ეს თანხა კიდევ 2 ლარით ჰქონდა გაზრდილი და ამ დრომდე ჯამში 17 ლარს ვიხდიდით, რაც მესაქონლეობით დაკავებულ ადამიანებს საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვა. ამჯერად კი კმაყოფილი ვართ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ამიერიდან 17 ლარის ნაცვლად მხოლოდ 7 ლარის გადახდა მოგვიწევს. ეს ცვლილება ძალიან დადებითი და სასარგებლოა. ამის თაობაზე რამდენიმე წუთის წინ ადგილობრივ მკვიდრს გელა გველუკაშვილს ვესაუბრებოდი და ეს რომ ვუთხარი, კაცმა პირჯვარი გადაიწერა, ნუთუ მართალიაო… ეს დროული და აუცილებელი ცვლილება იყო, რომელიც აქამდეც უნდა განხორციელებულიყო, რადგან უსამართლოდ მაღალი გადასახადის გადახდა გვიწევდა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ბექა გონაშვილმა.
მისი განმარტებით, ფასების შემცირება საქართველოს მთავრობის 14 თებერვლის #50-ე დადგენილების საფუძველზე მიმდინარეობს. დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.
ახალი რედაქციით: სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს: სათიბებზე – 20 ლარს; საძოვრებზე – 7 ლარს; სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგენილებაში ცვლილებები 10 აპრილის სხდომაზე შეიტანა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий