среда, 11 апреля 2012 г.

დედოფლისწყაროს საკრებულომ საძოვრებზე გადასახადი შეამცირა

10 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რიგით მეექვსე სხდომა ჩატარდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილმა დეპუტატებს განსახილველად შვიდი საკითხი წარუდგინა.
დეპუტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების მე–4 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს: ა) სათიბებზე–20 ლარს; ბ) საძოვრებზე–7 ლარს; გ) სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე–87 ლარს; დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით;
დ ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს; დ ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს; დ გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 40 ლარს“.
ცვლილება შევიდა, ასევე, „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №33 დადგენილებაში, საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიცვალა ოქმის ფორმა.
სხდომამ ცვლილებები შეიტანა ა(ა)იპ-ების „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის“ და „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის“ შექმნის და მისი წესდების დამტკიცების შესახებ 2007 წლის 24 აგვისტოს №87და 2007 წლის 7 მაისის №58 განკარგულებებში.
სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ანგარიში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ- ების და შ.პ.ს-ების 2011 წლის საფინანსო დოკუმენტების აუდიტორიული შემოწმების შესახებ.
ცნობისთვის, საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტს სხდომის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წინასწარ არ გამოუქვეყნებია. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий