среда, 11 апреля 2012 г.

კუდ-მა დედოფლისწყაროს გამგეობის ორი თანამშრომელი დააკავა – ორივე “ქართული ოცნების” აქტივისტების ნათესავია

დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში სპეციალისტთან ნოდარ ზუბიაშვილთან ერთად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თანამშრომლებმა ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი დავით ბასილაშვილიც დააკავეს.
“ქიზიყის” ინფორმაციით, ორივე დაკავებული ბიძინა ივანიშვილის კოალიცია “ქართული ოცნების” დედოფლისწყაროს ორგანიზაციის აქტივისტების ახლო ნათესავები არიან. მათ შორის ბასილაშვილი ნანული ნატროშვილის ძმიშვილია. რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში ნანული ნატროშვილის საცხოვრებელ სახლში “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა.
როგორც თვითმხილველებმა „ქიზიყს“ განუცხადეს, გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომლის აყვანა საჯარო რეესტრის რაიონული ფილიალის ოფისთან მოხდა, სადაც ზუბიაშვილი იმყოფებოდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა „ქიზიყის“ სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა.
მიწისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსი დიმიტრი ბაღაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი თანამშრომელი უკვე რამდენიმე საათია სამსახურში აღარ იმყოფება, თუმცა დაკავების თაობაზე მან არაფერი იცის.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულებს ქრთამის აღება ედებათ ბრალად. დედოფლისწყაროს გამგეობის ამ სამსახურში იგივე ბრალდებით დაკავების ეს უკვე მესამე შემთხვევაა, ყველაფრის მიუხედავად დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დედოფლისწყაროს გამგეობის ამავე სამსახურის თანამშრომელი ვლადიმერ ხატიაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით ორი წლის წინაც, 2010 წლის თებერვალში დააკავა. იმავე წლის ნოემბერში ვლადიმერ ხატიაშვილი, რომელსაც პროკურატურა ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ხატიაშვილს სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 6 000 ლარი ჯარიმა დააკისრა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий