
დაკავებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 აპრილს გაიმართება.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ნინო გელაშვილმა განაცხადა, 11 აპრილის სხდომაზე ნივთმტკიცების გამოკვლევის ეტაპი გაიმართა. ამ სხდომით სასამართლო გამოძიების ეტაპი დასრულდა.
მისი თქმით, პროცესზე ბრალმდებელმა მხარემ საქმეში არსებული საკუთარი მტკიცებულებების – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის დემონსტრირება მოახდინა.
„შემდეგ სხდომაზე კამათის ეტაპი დაიწყება, რომელზეც პროკურორი სიტყვით გამოვა და ბრალდებულის შესახებ არგუმენტებს წარადგენს. თუ დაცვის მხარე საპასუხოდ მზად ვიქნებით, ჩვენს არგუმენტებს იმავე დღეს წარვადგენთ“ – განაცხადა ადვოკატმა.
თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა თბილისში 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს და ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება წაუყენეს. იარაღი აღმოაჩინეს დედოფლისწყაროში მდებარე მის საცხოვრებელ სახლშიც.
დაცვის მხარე თამაზაშვილის დაკავებას “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრის, მისი სიძის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. დაკავებულის ვაჟი, ალექსანდრე თამაზაშვილი ახლახან „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანლად დაინიშნა.. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий