четверг, 12 апреля 2012 г.

სამინისტროს კონკურსში მეორე სკოლაც ჩაერთო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გამოცხადებულ ფოტო-კონკურსებში, „ცხოვრების ჯანსაღი წესი ჩემს სკოლაში“ და „ცხოვრების ჯანსაღი წესის ლოგო" ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლაც ჩაერთო.
როგორც „ქიზიყს“ მეორე სკოლის დირექტორმა ია ლაპიაშვილმა განუცხადა, სკოლამ ორივე კონკურსისთვის სპეციალურად შექმნა ფოტოსურათი, რომელიც უკვე განთავსებულია განათლების სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე და ამჯამად მათი შეფასებები მიმდინარეობს.
პირველ კონკურსში წარდგენილ ფოტოსურათში სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობს, მასში მოზარდები მოწევის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან და საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისკენ მოუწოდებენ.
ხოლო, კონკურსში „ცხოვრების ჯანსაღი წესის ლოგო“ სპეციალური ნახატი შექმნა მეორე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე სოფიო მენთეშაშვილმა.
„ყველამ კარგად იცის, რომ მეორე სკოლის სტადიონი საშინელ მდგომარეობაშია. გარდა იმისა, რომ მცირე ზომისაა, უნდა ითქვას, რომ სკოლას ფაქტობრივად სტადიონი არ გააჩნია. ვთვლით, რომ ორივე ნამუშევარი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა და ამან დიდი სტიმული მოგვცა. გამარჯვების იმედი ნამდვილად გვაქვს. უნდა ითქვას, რომ ჩვენს სკოლას გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდება, რადგანაც სტადიონისა და სპორტული დარბაზის აღჭურვის პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს სკოლაში დგას,“ - განუცხადეს „ქიზიყს“ მეორე სკოლის ადმინისტრაციაში.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-ცენტრში აცხადებენ, გამარჯვებული 2012 წლის 1 მაისს გამოვლინდება.
გამარჯვებულად დასახელდება ორი სკოლა. კონკურსის წესების თანახმად, ერთი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდება თბილისის მასშტაბით, „ლაიქების“ რაოდენობის მიხედვით და მეორე გამარჯვებული სკოლა Facebook-ის მომხმარებელთა თხოვნით გამოვლინდება საქართველოს დანარჩენი რეგიონებიდან ასევე „ლაიქების“ რაოდენობის მიხედვით და შეფასდება სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ.
განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, გამარჯვებულ სკოლებს სამინისტრო გაუკეთებს თანამედროვე ახალი ინვენტარით აღჭურვილ სპორტულ დარბაზს ან მოედანს.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ამ დროისთვის დედოფლისწყაროს პირველი და მეორე სკოლის საკონკურსო ფოტოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობენ. პირველი საჯარო სკოლის ფოტო „ჩვენ ვებრძვით შიდსს“ საკმაოდ მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს. საქართველოს რეგიონებში ამ ეტაპზე პირველ პოზიციაზეა. მეორე სკოლის მიერ შექმნილი საკონკურსო ნახატიც ამ დროისთვის საკმაოდ კარგ მაჩვენებელს აფიქსირებს. რაც შეეხება ფოტოსურათს, მეორე სკოლამ ფოტო ოდნავი დაგვიანებით, ახლახან შექმნა... ხმის მიცემის პროცესი კვლავაც გრძელდება.
მეორე სკოლის ადმინისტრაცია ყველა დედოფლისწყაროელს და სოციალური ქსელის მომხმარებელს მხარდაჭერისა და თანადგომისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий