вторник, 3 апреля 2012 г.

დედოფლისწყაროში სასმელი წყალის ხარისხს არაპროფესიონალი, ყოფილი სამართალდამცველი აკონტროლებს

სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარების შემდეგ, ქალაქ დედოფლისწყაროში პრობლემად წყლის ხარისხი იქცა. ადგილობრივი ოპოზიცია ირწმუნება, რომ დედოფლისწყაროში წყლის ხარისხის კონტროლს არაპროფესიონალი კადრები ახდენენ, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და მუნიციპალიტეტში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას რეალურად ქმნის. ხალხი კი სასმელი წყლის უხარისხობაზე ჩივის.
როგორც მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ საპროტესტო განცხადებაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ რეზერვუარში, ამჟამად სასმელი წყალის დაქლორვას ყოფილი პოლიციელი გენადი ჯანაშვილი ახდენს, რომელსაც შესაბამისი განათლება, გამოცდილება და კომპეტენცია არ გააჩნია. ამ ფონზე, ორგანიზაცია შიშობს, რომ წყალში ქლორის შემცველობის გადამეტება სავალალო შედეგებს მოიტანს. მათი მტკიცებით, ეს ძალზე სპეციფიკური საკითხია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
„მუნიციპალიტეტი განიცდის წყალის ნაკლებობას, დებეტის შევსებას ისტორიული წყაროს წყლის ე.წ. „ჯარის წყალის“ გაუქმებით და გადატუმბვით ცდილობენ. მეორე და მთავარი არის წყლის ხარისხი. ბოლო დროს რაიონის მოსახლეობა გამოთქვამს უკმაყოფილებას წყლის ხარისხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით დედოფლისწყაროს იმ ნაწილის მოსახლეობაა შეწუხებული, რომლებიც ტერიტორიულად ახლოს ცხოვრობს წყალშემკრებ რეზერვუართან. ონკანებზე წყალი საშინელი ქლორის გემოთი და სუნით მოედინება, რის გამოც მისი სასმელად გამოყენება შეუძლებელია. სპეციალისტების განმარტებით, წყალი უნდა იყოს უფერო, უსუნო, უგემო და მისი დაქლორვა უნდა ხდებოდეს სტანდარტით დადგენილ ნორმებში. ქლორის ზედმეტი დოზა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მავნეა, ხოლო გადამეტებულმა დოზამ შეიძლება ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს ამ ფაქტს და სვამს კითხვას, რატომ ცდილობს ხელისუფლება ყველა სფეროში პოლიციელების დანიშვნას და რაც ყველაზე მთავარია, რატომ აგდებს მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეში? მოვითხოვთ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა, ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტმა, ლევან მჭედლიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ კომპეტენტური პიროვნება დანიშნოს,“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს და ქვეყანაში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსს დაეგზავნა.
თუ მუნიციპალიტეტში ადგილი ექნება მოსახლეობის წყლით მოწამვლის თუნდაც ერთ შემთხვევას, (რისი დიდი საშიშროებაც რეალურად არის) მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მოაწყობს და გულგრილი მიდგომისთვის მათ დასჯას კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით მოითხოვს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий