среда, 4 апреля 2012 г.

ვაშლოვანის ნაკრძალის განვითარებისთვის 300 ათას ევროზე მეტი დაიხარჯება

კავკასიის ბუნების ფონდმა თუშეთის და ვაშლოვანის ეროვნული პარკებისათვის 604 000 ევრო გამოყო. გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და საერთაშორისო ორგანიზაცია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა 604 000 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს.
„ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ხდება საკმაოდ დიდი თანხების მოძიება, რომელიც იხარჯება დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით. მსგავსი გრანტები ხელს უწყობს კონკრეტულად იმ ხარჯების დაფარვას, რისი საჭიროებებიც არის ეროვნულ პარკებში. სწორედ ამის შედეგია, რომ ყოველწლიურად ძალიან დიდი ტემპით იზრდება დაცულ ტერიტორიებში ტურისტების რაოდენობა და ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული სწორედ ასეთი პარტნიორების თანადგომით,” – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
გრანტი თუშეთის და დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის ეროვნული პარკების განვითარებისათვის დაიხარჯება, ორი წლის განმავლობაში მოეწყობა მცირე ინფრასტრუქტურა და განხორციელდება სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებები. „ჩვენ ხელი მოვაწერთ ხელშეკრულებას, რომელიც ხელს შეუწყობს ვაშლოვანის და თუშეთის ეროვნული პარკების განვითარებას სამი წლის განმავლობაში. საგრანტო დაფინანსების მიზანია ადმინისტრაციული საკითხების გაძლიერება და დაცულ ტერიტორიებში არსებული ბიომრავალფეროვნების საკონსერვაციო მიზნების მიღწევა,” – განაცხადა დევიდ მორისონმა.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შონვაძემ „ქიზიყს“ განუცხადა, პროექტის ფარგლებში ნაკრძალის ტანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდაც იგეგმება.
მსგავსი პროექტები 2008 წლიდან ხორციელდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ლაგოდეხის ნაკრძალში. კავკასიის ბუნების ფონდის მიზანია სამი ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დაცული ტერიტორიების კონსერვაციისა და განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა. ფონდი საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий