საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ შექმნილმა ადამიანის უფლებათა კომისიამ კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა.

თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის 11 ოქტომბრიდან პატიმრობაშია. სამართალდამცავებმა ის თბილისში იარაღის უკანონოდ ტარება – შენახვის ბრალდებით დააკავეს. მის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. თამაზაშვილის სიძე – ქალიშვილის ქმარი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების” დამფუძნებელთა ჯგუფის წევრია.
შეგახსენებთ, რომ თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, სამსახურიდან გათავისუფლდა ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა.
2011 წლის 11 ნოემბერს კი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში თამაზ თამაზაშვილის სახლში, საეჭვო ვითარებაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა, პირველი სართული კი სერიოზულად დაზიანდა.
2011 წლის 17 ნოემბერს, „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ თამაზ თამაზაშვილი მძევლად აიყვანეს.
“ქართული ოცნების” დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად 29 მარტს სწორედ დაკავებულ თამაზაშვილის ვაჟი ალექსანდრე თამაზაშვილი დაინიშნა.
თამაზაშვილი, მეტსახელად “ძიგო“ 2011 წლის 10 ოქტომბერს ივანიშვილის გააქტიურების შემდეგ დააკავეს. ის შს კახეთის სამხარეო პოლიციას 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო 1997–2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий