სოფელ ფიროსმანში 7 წლის გოგონას ირგვლივ სასამართლო დავა გრძელდება. მას შემდეგ, რაც დედოფლისწყაროს სასამართლომ ბავშვი აღსაზრდელად დედას მიაკუთვნა, მოსარჩელე მხარემ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოზარდის მამის ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უახლოესი თვენახევრის განმალოვლობაში გოგონას მდგომარეობას სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები შეისწავლიან, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლო დავის განხილვას გააგრძელებს.
გოგონას მამა, გია ასლანიძე სასამართლოს სთხოვდა, გადაწყვეტილების გამოტანამდე ბავშვის მდგომარეობა ფსიქოლოგებმა დეტალურად შეისწავლონ. სასამართლო განხილვა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ფსიქოლოგები უდედოდ დარჩენილი არასრულწლოვანის მდგომარეობას გამოიკვლევენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვითარების ადგილზე შესწავლას სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი ფილიალი მოახდენს.
ხელვაჩაურისა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ გოგონა დედასთან უნდა იზრდებოდეს, ბავშვი ამ დრომდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში, მამის ოჯახში იმყოფება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კი იმიტომ ვერ ხერხდება, რომ მოზარდს დედასთან ცხოვრება არ სურს.
"ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლო ფსიქოლოგების დასკვნას ელოდება. სპეციალისტები სოფელ ფიროსმანში ბავშვის მდგომარეობას შეისწავლიან. ეს შუამდგომლობა ჩვენ დავაყენეთ, რაც საბედნიეროდ, მოსამართლემ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო სხდომა დანიშნული ჯერ არ არის, რადგანაც ვიდრე სოციალური მუშაკები ვითარებას შეისწავლიან, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. იმედი გვაქვს, რომ ბავშვი მამას დაუბრუნდება, რადგანაც გოგონას არანაირად არ სურს დედასთან ცხოვრება, ეს კი იმიტომ, რომ მან საკუთარ შვილზე უარი თავად თქვა და უყურადღებოდ მიატოვა. 5 წლის ასაკში, გვიან ღამით სახლში უყურადღებოდ გამოკეტა, რის შედეგადაც დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო და დედის დანახვა არ სურს. იმედი გვაქვს, ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ბავშვი დედოფლისწყაროში დარჩება," - განუცხადა "ქიზიყს" მოზარდის მამის ადვოკატმა ვასილ უნაფქოშვილმა.
დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში "ქიზიყს" განუცხადეს, რომ მათ რეგიონალურ ფსიქოლოგს მამის მხარემ აცილება მისცა, ამიტომ, სააგენტო უახლოეს დღეებში ბავშვის მდგომარეობის შესასწავლად სპეციალისტს თბილისიდან მოიწვევს. მათი განმარტებით, მოზარდის მდგომარეობის გამოკვლევა უახლოეს დღეებში დაიწყება და მონიტორინგი თვენახევარს გასტანს, რის შედეგადაც სპეციალისტი შესაბამის დასკვნას დადებს. სასამართლო კი საქმის განხილვას სწორედ მას შემდეგ განაგრძობს.
დედამ გვიან ღამით 4 წლის ბავშვი სახლში გარედან ჩაკეტა, თვითონ კი სახლიდან წავიდა. გამოღვიძებული პატარა, როცა აღმოაჩინა, რომ სახლში მარტოა – ისტერიკაში ჩავარდა. მისი ტირილის ხმა მეზობლებმა სრულიად შემთხვევით გაიგონეს და როცა დარწმუნდნენ, რომ სახლში არავინაა, ხოლო კარები გარედანაა ჩაკეტილი, ბავშვის საძინებელ ოთახში ფანჯრიდან შევიდნენ და ტირილისგან დალურჯებული პატარა დაამშვიდეს. იმავე დილით მაკა ასლანიძეს მამამ მოაკითხა და თავის სოფელში წაიყვანა. მაკას დედა – 29 წლის მარიზა კირკიტაძე მას შემდეგ ბოლო დრომდე არ გამოჩენილა.
გასული წლის ოქტომბერში მაკას დედა ისევ გამოჩნდა და ბავშვის ნახვა მოინდომა, მამამ ამის გაკეთება კატეგორიულად აუკრძალა. სოფელ ფიროსმანშიც და სოფელ სამთაწყაროშიც, სადაც პატარა ახლა მამის ოჯახში იმყოფება, მოსახლეობა ადასტურებს, რომ პატარა მაკას დედის ნახვა არათუ არ სურდა, მისი ხსენების დროსაც კი შიში იპყრობდა. როცა მარიზა კირკიტაძემ შვილის ნახვა ვერ მოახერხა, გადაწყვიტა, დედის უფლებები სასამართლოს მეშვეობით დაეცვა და დაებრუნებინა.
კირკიტაძემ სასარჩელო განცხადებით ჯერ ხელვაჩაურის, მერე კი დედოფლისწყაროს სასამართლოებს მიმართა. დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ, კერძოდ კი მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ბავშვი დედას მიაკუთვნა, რამაც მაკას მამა, მისი ნათესავები და ადგილობრივი მცხოვრებლები ძალიან აღაშფოთა. საინტერესო ის არის, რომ სასამართლოს ბავშვის დედისთვის მიკუთვნების შესახებ რეკომენდაცია ადგილობრივმა სოციალური მომსახურების სააგენტომაც მისცა.
სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად, ბავშვი ამ დრომდე მამის ოჯახში, სოფელ სამთაწყაროში იმყოფება. მამა და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მაკას დედას არ გაატანენ და „ბავშვის სულის დამახინჯების“ საშუალებას არ მისცემენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий