четверг, 15 марта 2012 г.

კონტროლის პალატამ „ქართული ოცნების“ წევრები და აქტივისტები დედოფლისწყაროშიც დაკითხა

15 მარტს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები დაიბარეს. კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "რესპუბლიკური პარტიის" და "თავისუფალი დემოკრატების" 15-მდე ადგილობრივი აქტივისტი და მხარდამჭერი დაკითხა.

მათ შორის დაკითხვაზე იმყოფებოდა დედოფლისწყაროს ექს-გამგებელი გელა იაკობიშვილიც, რომელიც კაბინეტში ყველაზე მეტხანს შეაყოვნეს. მათი თქმით, კართან თბილისიდან ჩამოყვანილი დაცვის 4 თანამშრომელი მორიგეობდა. დაცვის პოლიცია ივანიშვილის მხარდამჭერებს ჩხრეკდნენ და ზოგ შემთხვევაში ფეხსაცმლის გახდასაც აიძულებდნენ.

როგორც "რესპუბლიკური პარტიის" დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, კონტროლის პალატის თანამშრომლებს დეტალურად აინტერესებდათ ის ფინანსური აქტივობები, რომელიც მათი პარტიის ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" გაერთიანების შემდეგ განხორციელდა.

"რესპუბლიკური პარტიის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნოდარ ტოკლიკიშვილი განმარტავს, რომ ანაზღაურება მხოლოდ მაშინ მიიღეს, როცა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ და აქტივისტებზე ხელფასი გაიცა.

აქტივისტების მხარდასაჭრად გამგეობის შენობასთან მივიდა მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. თამილა გურაშვილმა კონტროლის პალატისგან ოპოზიციონერების ფინანსების შესწავლის ნაცვლად დედოფლისწყაროს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა მოითხოვა და აღნიშნა, რომ კონტროლის პალატა ხელისუფლების მიმართ ლოიალურია და უკვე მეშვიდე წელია გამგეობის საქმიანობა არ შეუსწავლიათ.

დაკითხვაზე დაიბარეს ის აქტივისტებიც, რომლებმაც "ქართული ოცნების" გაზეთები დაარიგეს, ასევე ის ადამიანები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს.

ადგილობრივი ოპოზიციის შეფასებით, კონტროლის პალატის ეს ქმედება მოსახლეობის დაშინებისკენაა მიმართული. „ქართული პარტიის“ აქტივისტების დაკითხვა თითქმის ყველა რაიონში ხმაურით მიმდინარეობს. /ქიზიყი/ აუდიო>>

Комментариев нет:

Отправить комментарий