
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს შენობაში საჯარო სამსახურში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი გაიმართა. გასაუბრების შედეგების გამოცხადებამდე ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კონკურსი ფორმალურად ტარდება და რეალურად ვაკანტურ ადგილებზე სასურველი კადრების ვინაობა წინასწარ უკვე ცნობილია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმება. მისი განცხადებით, სამსახურებს სადაც ვაკანსიებია გამოცხადებული ამჟამად უფროსის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ და კონკურსის შემდეგ იქ ახალი კადრები დაინიშნებიან.
თვითმმართველობის ორგანოს პრეს–ცენტრს და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდს კონკურსის შედეგები ამ დრომდე არ გაუვრცელებია. წინასწარი ინფორმაციით, ატესტაციის შედეგები 16 მარტს უნდა გამოქვეყნებულიყო. ვაკანტური ადგილები იყო როგორც დედოფლისწყაროს გამგეობისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების პოზიციებზე, ასევე გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში.
ამგვარი კონკურსი დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ორგანოში რამდენიმე თვის წინაც ჩატარდა, თუმცა წინა შემთხვევებშიც ადგილები იმავე კადრებით დაკომპლექტდა, რომლებიც ამ პოზიციებზე მანამდეც მუშაობდნენ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий