გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე დედოფლისწყაროს ეწვია. მინისტრმა გაუდაბნოების წინააღმდეგ რაიონში მიმდინარე სამუშაოები პირადად მოინახულა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მოგვიანებით, გოგა ხაჩიძე დედოფლისწყაროს მოსახლეობასაც შეხვდა და მათ ადგილობრივად წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ დეტალურად ესაუბრა.

შეხვედრას გერმანელი ექსპერტი დიტერ მიულერი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ალექსანდრ ბორი, დედოფლისწყაროს თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი და გამებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ესწრებოდნენ.
მინისტრმა გულისტკივილით აღნიშნა,რომ დედოფლისწყაროში ტრანსპორტირებისას მრავლად შეხვდა ცეცხლწაკიდებულ მინდვრებს და ქარსაცავ ზოლებს, რომ მოსახლეობა ამ მეთოდებს არ უნდა მიმართავდეს, რადგან ნადგურდება არამარტო გაზრდილი ქარსაცავები, არამედ ბალახოვანი საფარიც, რომ უცხოელები მილიონობით თანხებს ხარჯავენ მათ აღდგენაზე, ჩვენ კი არ ვუფრთხილდებით. გოგა ხაჩიძემ ყურადრება გაამახვილა ტურიზმის საკითხებზე, ვაშლოვანის და ჭაჭუნას აღკვეთილის უნიკალურ შესაძლებლობებზე მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
,,–ჩვენ შემოვიყვანთ ტურისტებს, თქვენ კი რაიმე სერვისი ან პროდუქტი შესთავაზეთ, რომ ფული დახარჯონ და თქვენც მატერიალური სარგებელი ნახოთ. წამოვიდეს თქვენგან აქტივობები, შემოგვთავაზეთ საინტერესო ინიციატივები და პროექტები და ჩვენ გვერდში დაგიდგებით. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში, პირველადი წარმოების პროდუქტი გათავისუფლდა დღგ-ს გადასახადისგან, რაც მწარმოებელსაც და რეალიზატორსაც გაუიაფებს პროდუქტს.”
მინისტრმა ისაუბრა, ასევე, ნაგავსაყრელების მოწყობის პერსპექტივებზე და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მინისტრი აქტიურად ჩაერთო მოსახლეობასთან დიალოგში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხები გასცა მოქალაქეთა შეკითხებს. სხვა სფეროებთან დაკავშირებული საკითხები კი ჩაინიშნა და შესაბამისი უწყებებისთვის მათი გადაცემის ვალდებულება ითავა.
როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს რაიონში უკვე მერამდენე წელია მოსავლიანობის გაზრდისა და გაუდაბნოების პროცესის წინააღმდეგ მიმართული სამუშაოები მიმდინარეობს. შირაქის ველზე გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით 100 ჰექტარ ფართობზე უკვე გაშენდა ქარსაფარი ზოლი და საპილოტე ტყის კორომი.
პრეზიდენტის ინიციატივით ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტზე ხარჯი 18 პროცენტით შემცირდა. მთავრობაში ფიქრობენ, რომ ეს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის რეალიზაციას ხელს შეუწყობს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий