четверг, 29 марта 2012 г.

ნელი გობეჯიშვილის ძალისხმევით საგამოფენო დარბაზმა ფუნქცია აღიდგინა

ქალაქ დედოფლისწყაროში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არსებულ საგამოფენო დარბაზში, 28 მარტს ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, ახალი მმართველის ნელი გობეჯიშვილის ინიციატივით დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლის ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო განყოფილების მოსწავლეების და თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
როგორც ნელი გობეჯიშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, ამ დარბაზში გამოფენის გახსნა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო: ,,მახსოვს, თქვენი გამოცემის რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამ დარბაზის გაუქმებასა და მისთვის იმავე ფუნქციების აღდგენის საკითხებზე, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, თბილისსა და კახეთში გამომავალ რამდენიმე გაზეთში საკმაოდ ვრცელ სტატიებს ინტენსიურად წერდა და აქტიურად იყო დაინტერესებული, რომ ავტოსადგურის შენობის დარბაზში კულტურული ცხოვრება გამოცოცხლებულიყო. ამიტომაც, მოხარული ვარ, რომ ამჯერად ამ საღამოზე ინტერნეტგამოცემა "ქიზიყიც" დავპატიჟო და დაგპირდეთ, რომ მომავალში უამრავი საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. 2012 წელს მირზაანელი, მსოფლიოში აღიარებული თვითნასწავლი მხატვრის, ნიკალას დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. ამიტომაც, ამ თარიღთან დაკავშირებით, დარბაზმა თავისი ფუნქცია აღიდგინა. აქ მომავალშიც ხშირად მოეწყობა ნიკო ფიროსმანის ნახატების ასლების, გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა, დედოფლისწყაროელი მხატვრების და ზოგადად, შემოქმედი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები. 28 მარტს საგამოფენო დარბაზი უამრავ სტუმარს მიიღებს," - განუცხადა "ქიზიყს" ნელი გობეჯიშვილმა.
გამოფენის გახსნას საპატიო სტუმრებიც ესწრებოდნენ. დედოფლისწყაროს თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელობასთან ერთად ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული, საქართველოს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დელეგაციაც სტუმრობდა. დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლდათ: ინა ავალიანი–სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, პეტრე კანკავა–გენერალური დირექტორის მრჩეველი, გიორგი ნაკაშიძე–სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი მენეჯერი, თეა ონიანი–სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი, ვიოლეტა ბალახაშვილი და რობერტ მაღლაკელიძე–სააგენტოს სამუზეუმო ჯგუფის ექსპერტ-ზედამხედველები.
გამოფენა მასპინძელმა, ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის ახალმა დირექტორმა ნელი გობეჯიშვილმა გახსნა, მან მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და გამოფენაზე ხელოვნების სკოლის ნორჩი მხატვრების ნამუშევრების წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლის დირექტორს აკაკი მერაბიშვილს და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. შემდეგ გობეჯიშვილმა ისაუბრა მუზეუმის გეგმებსა და სამომავლო ურთიერთობებზე, საგამოფენო დარბაზის დანიშნულებაზე. მომავალში აქ ხშირად მოეწყობა ნიკო ფიროსმანის ნახატების ასლების, გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა, დედოფლისწყაროელი მხატვრების და ზოგადად, შემოქმედი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები.
როგორც ნელი გობეჯიშვილმა აღნიშნა, 2012 წელი დიდი მხატვრის საიუბილეო წელია. მას დაბადებიდან 150 წლისთავი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ადგილობრივი ხელისუფლების და სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობაზე, ერთობლივ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს: დედოფლისწყაროს თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ ზაზა ფიროსმანაშვილმა, გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილმა, სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ინა ავალიანმა, მრჩეველმა პეტრე კანკავამ და სხვებმა.
როგორც აღინიშნა, ტურიზმის თვალსაზრისით საკმაო დატვირთვა მიეცემა ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმს და უამრავი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რაც სხვა სიკეთეებთან ერთად, მატერიალურ სარგებელსაც მოუტანს როგორც სააგენტოს, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий