понедельник, 26 марта 2012 г.

ზემო მაჩხაანის სკოლაში გაჩენილ ხანძარს დირექტორი მის წინააღმდეგ შანტაჟად აფასებს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის კანცელარიაში რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა. სკოლის დირექტორი ნეჟნა ჩუბინიძე „ქიზიყთან“ საუბრისას შემთხვევითობას გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ ხანძარი დირექტორის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია იყო.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, სკოლაში ცეცხლი დოკუმენტაციას გაუჩნდა. ჩუბინიძე არაერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს:
„ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. არც ერთი საბუთი ისე არ განადგურებულა, რომ რაიმე ინფორმაცია დაკარგულიყო. ბუღალტრის ბრალეულობას გამოვრიცხავ. ვენდობი და ზუსტად ვიცი, რომ არანაირი ინტერესი არ ექნებოდა. მას მიზეზი არ ჰქონდა, რომ საკუთარი ქმედებების დასაფარად ბუღალტერს დოკუმენტაცია დაეწვა. სუფთა ბუღალტერია გვაქვს.. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მომხდარს მიეცეს, - ეს იყო შანტაჟი! ცეცხლი შემთხვევით ვერ გაჩნდებოდა, რადგანაც ამ ოთახში ღუმელიც არ დგას. გამოძიებამ დაამტკიცა, დოკუმენტაციას დიზელის საწვავი ჰქონდა გადასხმული. ცეცხლის გაჩენის შემდეგ დერეფნის კარი საგულდაგულოდ ჩაკეტეს, რაც დამატებით ეჭვებს აღძრავს. ატყდა აჟიოტაჟი, ხომ არ გეგმავს ვინმე ჩემს გათავისუფლებას. შესაძლოა, მომხდარი მიზანმიმართულად ამას უკავშირდებოდეს, აშკარაა, ეს ფაქტი დირექტორს ურტყავს.
გაურკვევლობაში ვართ, დოკუმენტების მთლიანად განადგურება რომ სდომებოდათ, ხანძარს ღამით გააჩენდნენ, რადგან ასე მოხდა, მიჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი აჟიოტაჟის შესაქმნელად და დირექტორის საწინააღმდეგოდ დაიგეგმა, რასაც მიაღწიეს კიდეც... იმედი მაქვს, გამოძიება დაადგენს საიდან მოდის ეს პროვოკაცია… უზომოდ მაინტერესებს, ვინ იყო ჩემს გარშემო ისეთი, ვისთანაც წლებია, გვერდით ვმუშაობ და ასეთი რამ დაგეგმა,“ - აცხადებს ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. მოწმეთა ნაწილი უკვე დაკითხულია.
დედოფლისწყაროში ჩუბინიძის შემცვლელ კანდიდატურად ამავე სოფლის მკვიდრი ალიკო ნატროშვილი უკვე დასახელდა. ადგილობრივები მომხდარს დირექტორის შეცვლის მცდელობად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მოახლოვებულ არჩევნებს უკავშირდება. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий