EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის გამგეობას ზაფხულში დასაგეგმი ღონისძიებების თაობაზე მათივე მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს გადასცემენ. მოზარდები მოსახლეობის აზრს ქალაქ დედოფლისწყაროსა და მის მოსაზღვრე სოფლებშიც იკვლევენ.

პროექტს „დაგვეხმარე ზაფხულის დაგეგმვაში“ - დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი – „სპექტრი“ მასში გაწევრიანებული მოსწავლეების დახმარებით ახორციელებს და ის სოციოლოგიურ კვლევასა და ადვოკატირების კამპანიას მოიცავს.
როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი მიზანია 2012 წლის ზაფხულისთვის მზადების ხელშეწყობა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ზაფხულში დასაგეგმი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის აზრის მიწოდების გზით.
პროექტის პირველ ეტაპზე სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელიც 21 მარტს დაიწყო. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ილია ვარდიშვილმა და ქეთი ჩაფიაშვილმა სოფლების სამრეკლოსა და ხორნაბუჯის და ქ. დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლებში ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც გამოიკითხა 89 რესპოდენტი, მათ შორის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოქალაქეებმა ანკეტური პრინციპით დასმულ 10 შეკითხვას უპასუხეს, რის შემდეგაც მონაცემთა დამუშავების პროცესი დაიწყო, ხოლო 23 და 25 მარტს კვლევის მეორე ეტაპი განხორციელდა, რომლის დროსაც ქ. დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლისა მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე ქალაქის მაცხოვრებლები გამოიკითხა.
როგორც კლუბის წევრები განმარტავენ, პროექტის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე რესპოდენტთა საავრაუდო რაოდენობაა 300-ს შეადგენს. მათი მტკიცებით, მონაცემთა დამუშავების შემდეგ შედეგების პრეზენტაცია მოეწყობა.
„საბოლოო ანგარიში, ანალიზის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის საერთო კრებაზე შემუშავდება კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს „სპექტრი“ წარუდგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს და გასწევს ადვოკატირების კამპანიას. სამომავლოდ, შესაძლებლობის შემთხვევაში, კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო ღონისძიებების ორგანიზებაში. კლუბის წევრებს კვლევების ჩატარების გამოცდილება უკვე აქვთ,“ - აღნიშნავენ სკოლის ადმინისტრაციაში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий