понедельник, 19 декабря 2011 г.

სამთაწყარო-ფიროსმანში ჩასახლებული ეკომიგრანტები აჭარაში დაბრუნებას ითხოვენ

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ეკომიგრანტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აჭარის მაღალმთიანეთიდან ჩამოასახლეს, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და უკან გადასახლებას ითხოვენ. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, სამთაწყარო-ფიროსმანის მოსახლეობა მიზეზად მოუსავლიანობას და ხელისუფლების უყურადღებობას ასახელებს. ეკომიგრანტები მიიჩნევენ, რომ აჭარაში დაბრუნებით მათი ყოფა გაუმჯობესდება.

,,მთავრობამ ისეთ დღეში ჩაგვაგდო, ცხოვრება სატანჯველად გვექცა. ჩამოგვასახლეს და უმეთვალყურეოდ და სრულიად უყურადღებოდ ვართ მიგდებულები. სოფლის მცხოვრებთა 90%-ი უაღრესად გაჭირვებულია. ადგილობრივი ხელისუფლებაც და სოფლის რწმუნებულიც არაფერს აკეთებენ. ამას გარდა, ელექტროენერგიაზე დანამატს იმდენს გვახდევინებენ, წელში გავწყდით. რწმუნებული გვეუბნება, ვერაფერში დაგეხმარებითო. მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ როგორც ჩამოგვასახლა, ისევე უკან გაგვასახლონ. ვერც მიწას ვამუშავებთ, აღარც ვაზი ამართლებს, ვერც ლუკმას ვშოულობთ, აქ არსებობას ვეღარ ვახერხებთ, ასე გაგრძელება აღარ შეგვიძლია, - აცხადებს სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი, 57 წლის ნაზი აბაშიძე.

,,აჭარაში დაგვაბრუნონ, იქნებ ჩვენი ყოფა იქ უფრო გაუმჯობესდეს. სამთაწყარო-ფიროსმანში აღარც ყურძენი მოდის, სარწყავი სისტემებიც განადგურებულია. ჩვენს დახმარებას კი არავინ ფიქრობს, არადა საქართველო-აზერბაიჯნის საზღვარს ვამაგრებთ... გასულ წელს 300 ჰექტარი ვენახი ერთბაშად გავჩეხეთ. აქ აღარ დაგვედგომება, აჭარაში კი ტურიზმი მაინც განვითარდა და შედარებით უკეთესად ვიქნებით. გვინდა, რომ აჭარაში დავბრუნდეთ," - აცხადებენ საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები.

,,ვერც ხორბლის მოსავალი მივიღეთ ვერც ყურძენი. სამთაწყაროსა და ფიროსმანის საქმე უკან იმ დღიდან წავიდა, როცა ხელისუფლების მოთხოვნით ყურძენი ქარხნებს ჩავაბარეთ და უკვე მერამდენე წელია ფულის დაბრუნებას ამაოდ ვითხოვთ. დაახლოებით 60 ოჯახის ვალი აქვს ღვინის ქარხნის დირექტორს ილო თუშიშვილს, თუმცა გადახდას ვერ ახერხებს. არადა, თბილისში და გერმანიაში დიდი სახლები აქვს. წელს 3 ჰა ვენახს ვამუშავებდი, მაგრამ 200 ლარის მოსავალიც ვერ მივიღე, არადა ამდენი ხარჯი დამიჯდა. გასახლების პირას ვართ, აქაურობა მალე დაიცლება... აბა, ამ სოფლებში რაღამ უნდა დაგვაკავოს. მიწაც ვეღარ გვარჩენს და მშივრები როდემდე ვიქნებით," - ამბობს სოფელ ფიროსმანის მკვიდრი, 61 წლის მიხეილ ვაშაყმაძე, რომელსაც ეთანხმებიან ვახტანგ აბუსერიძე, თამაზ წილოსანი და სხვები.

მოსახლეობის პოზიცია "ქიზიყმა" სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს პაატა ნადირაშვილს გააცნო. გამგებლის რწმუნებული საკითხით ჟურნალისტების დაინტერესებამ გააღიზიანა და კომენტარის გაკეთება არ ისურვა:

,,ეგ არი ტყუილი... დაამუშაონ მერე, ვენახები და მიწები... ვინ უშლით?... მითხარი, ვინ ამბობს აბა?.. თუ რაიმე გაინტერესებთ, გამგეობაში მიბრძანდით და საჯარო ინფორმაცია იქ მოითხოვეთ. მე რა შუაში ვარ... ერთი სიტყვით, კომენტარ არ ვაკეთებ..." - აღნიშნა ნადირაშვილმა და ტელეფონი გათიშა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий