დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ლევან ბაღაშვილის ახლობლების დასაქმების ციკლი კვლავაც აქტიურად გრძელდება. ახლახან, დედოფლისწყაროს საკრებულოს სპეციალისტად ია სეხნიაშვილი დაინიშნა. ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ადგილობრივი თანამშრომლის მეუღლეა.
ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ია სეხნიაშვილის ქორწილის მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა.
სეხნიაშვილის საკრებულოში დასაქმების თაობაზე ინფორმაცია "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც დაუდასტურეს. როგორც საკრებულოს აპარატში განმარტეს, ია სეხნიაშვილი სამთვიანი ხელშეკრულებით გაფორმდა. იქვე ისიც აღნიშნეს, რომ თებერვლის თვეში დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში დაგეგმილი ატესტაციის გავლა სეხნიაშვილს არ მოუწევს.
უკვე მერამდენე წელია დედოფლისწყაროელები ხაზგასმით მიანიშნებენ იმ ტენდენციაზე, რომ თანამდებობებზე ძირითადად ლევან ბაღაშვილის მეგობრები და ახლობლები ინიშნებიან.
დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერების გადაბირებისა და მათთვის თანამდებობების განაწილების ფაქტებიც. ადგილობრივი მოსახლეობა დედოფლისწყაროში კლანური მმართველობის ჩამოყალიბებას აპროტესტებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს კადრების პირადი ინტერესებით შერჩევისგან თავის შეკავებას ურჩევს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий