კონტროლის პალატას დედოფლისწყაროს გამგეობაში გახარჯული საბიუჯეტო თანხების მიზნობრიობა 2004 წლის შემდეგ აღარ შეუსწავლია. ინფორმაციას კონტროლის პალატაშიც ადასტურებენ და მიზეზად უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს ასახელებენ.
დედოფლისწყაროელები კი ეჭვობენ, რომ კონტროლის პალატა კახეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების მიმართ ლოიალობას იმ მარტივი მიზეზის გამო იჩენს, რომ კონტროლის პალატის ხელმძღვანელად კახეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი დაინიშნა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი დაინიშნა, ხოლო მის მოადგილედ ლაგოდეხის ექს-მაჟორიტარი დავით კაპანაძე. ამას გარდა, კახეთის რაიონების მაღალჩინოსნებმა კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობებიც დაიკავეს.
კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ბოტკოველი კახეთის მუნიციპალიტეტებს კარგად იცნობს. ის "ქიზიყთან" საუბარში ადასტურებს, რომ კონტროლის პალატა ყოველ 2 წელიწადში მუნიციპალიტეტების გეგმიურ შემოწმებას უნდა ახდენდეს, რაც დედოფლისწყაროში რამდენიმე წელია არ განუხორციელებია.
,,მასშტაბური რეფორმა განხორციელდა ჩვენს უწყებაში. ნაწილი ქუთაისში გადავიდა, ნაწილი აჭარაში და ბუნებრივია რომ ამ ფონზე გეგმიური შემოწმებები ყველა რაიონში ვერ მოხერხდებოდა. გვქონდა გარკვეული ჩავარდნები. ამ ეტაპზე პრეზიდიუმი განიხილავს საკითხს, თუ რომელი რაიონების შემოწმება განხორციელდეს. ლაგოდეხისა და თელავის გამგეობები უკვე შევამოწმეთ. თუ ცხელი ხაზის მეშვეობით რაიმე ინფორმაცია არის შემოსული, ასეთ შემთხვევაში პირველად ამ რაიონებს შევამოწმებთ, შემდეგ კი გეგმიურად მივყვებით. ჯერ ვერ გეტყვით, როდის განხორციელდება დედოფლისწყაროს გამგეობის შემოწმება," - განუცხადა "ქიზიყს" კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით კაპანაძემ.
დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში რამდენიმე მაღალჩინოსანმა "ქიზიყს" დაუდასტურა, რომ უკვე მეშვიდე წელია კონტროლის პალატა დედოფლისწყაროს გამგეობაში არ შესულა. /ქიზიყი/თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий