დედოფლისწყაროში, მეტალურგების ქუჩაზე მცხოვრები 63 წლის ლილი ბუნტური დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიური დახმარების უკანონოდ შეწყვეტაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში პირველი ჯგუფის ინვალიდია, სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობა მხოლოდ 2 ჯერ მიიღეს და დახმარება მალევე შეუწყვიტეს:
,,პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი მყავს, 32 წლის ამირან ბუნტური. მუდმივად ფსიქოტროპული წამლები ესაჭიროება და შეძენას ვერ ვახერხებთ. ძალიან ძვირი ჯდება. ყველა უმუშევრები ვართ. დახმარებას მხოლოდ 2 თვე ვიღებდით და ისიც შეგვიწყვიტეს. თითქოს ჩემი მეუღლე მარნეულში შპს ალფა-ში არის თანამშრომლად გაფორმებული და ხელფასს იღებდეს, დახმარება ამის გამო შეგვიწყდა. ღატაკებისთვის განკუთვნილ დახმარებას ჩემს გვერდით ისეთი ოჯახები იღებენ - ფერმები, მიწები აქვთ და უზრუნველყოფილნიც არიან. მე ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ გვარები დავასახელო და ჩივილი დავიწყო, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ უმუშევრები ვართ, ინვალიდი შვილი მყავს და შეგვიწყვიტეს. ჩვენი ოჯახის დეკლარაციის შევსების დროს ისე ეწერა მონაცემებში, თოთქოს 150 ლარს ვიღებდეთ," - აცხადებს ოჯახის დიასახლისი და შემწეობის აღდგენას ითხოვს.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ბუნტურებისთვის დახმარების შეწყვეტის მიზეზი დეკლარაციაში დაფიქსირებული 150 ლარიანი ხელფასი გახლავთ. დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი ამ საკითხზე კომენტარს "ქიზიყთან" საუბარში აკეთებს.
,,ოჯახში ინვალიდის არსებობა პრიორიტეტს იმ მხრივ აძლევს, რომ სარეიტინგო ქულებს დასწევს. ამ ოჯახს შეუძლია წარმოადგინოს ცნობა, რომ არსად არ მუშაობენ და ამის შემდეგ ხელახლა გადავამოწმებთ. დახმარების აღდგენაზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება," - განმარტა ნატროშვილმა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий