სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ დურმიშხან ჯარიაშვილის 7 სულიან სოციალურად დაუცველ ოჯახში 5 წევრი II ჯგუფის ინვალიდია. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი სოფლის რწმუნებულს ელგუჯა წიკლაურს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ოჯახის სამივე შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი II ჯგუფის ინვალიდია. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარი და უნარშეზღუდულია, რაც მათ ყოფას კიდევ უფრო ართულებს. ჯარიაშვილები ამბობენ, რომ მათი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს სიღატაკის დაძლევის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარება შეადგენს, რომელიც მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით. პრობლემას წარმოადგენს მათი გამოკვების საკითხიც.
,,გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითო სულ ინვალიდზე 100 ლარი გაიცა. ღწმუნებულმა ამის შესახებ არ შეგვატყობინა და 500 ლარი დავკარგეთ. გაზეთში წავიკითხეთ, რომ საქველმოქმედო ფონდი ნუგეშიც დაეხმარა ინვალიდებს, მაგრამ ჩვენ არცერთხელ არაფრით არ დაგვეხმარნენ. არადა ძალიან გაჭირვებული ოჯახი ვართ. ყველა შვილი რომ ინვალიდი გეყოლება და სულ წამალ-ექიმში ვიქნებით, ვერც მუშაობას ვახერხებთ, ჩვენზე რთული ვითარება ვის ექნებოდა? არ ვიცით, რა პრინციპებით შეარჩიეს. ეს დახმარება ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდებოდა," - აცხადებენ ჯარიაშვილები და დახმარებას ითხოვენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელგუჯა წიკლაური გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ამ ოჯახის პრობლემებს კარგად იცნობს. მისი თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახს უყურადღებოდ არასოდეს ტოვებს, დახმარების მიუღებლობას კი დოკუმენტაციას აბრალებს.
ელგუჯა წიკლაური: ,,თუ არ ვცდები დოკუმენტები მოსაწესრიგებელი ჰქონდათ და მაშინ ეს 500 ლარი იმიტომ ვერ მიიღეს. მათთან ხშირად მივდივარ, ინფორმაციასაც ვაწვდი და შეძლებისდაგვარად ვეხმარები ხოლმე. ახლახან, მათ შეშაც მიიღეს... თუმცა, ჩვენი საკრებულოს შენობაში ყველა ინფორმაცია დაფაზე გამოკრულია ხოლმე".
უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახში აღნიშნავენ, რომ დიდი დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყვეტილი ჰქონდათ, რის გამოც ამ დრომდე ვერ ისარგებლეს ვაუჩერით. ,,გამგეობა რომ უხდის ყოველთვიურად დენის 12 ლარს, ვერც ამით ვისარგებლეთ. უფულობის და ათასი პრობლემების გამო ვერც რაიონში გამოსვლას ვახერხებთ, რომ რაღაც საშველი ვნახოთ" - აღნიშნავენ ჯარიაშვილები. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий