понедельник, 26 сентября 2011 г.

მდინარის კალაპოტის ცვლილებით ჯუმასყურის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს

დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ბუნების ძეგლის „ჯუმასყურის“ (ე.წ. კაკლისყურის) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვედრის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ გოგა ხაჩიძე საუბრობს.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განმარტა, დედოფლისწყაროში მდინარე ალაზანის მიერ კალაპოტის შეცვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, ასეც რომ იყოს, „მდინარის კალაპოტის შეცვლა საზღვრების შეცვლას არ ნიშნავს. ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და აღნიშნული მონაკვეთის მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება. როგორც წესი, მდინარე ადვილად არ იცვლის კალაპოტს, მაგრამ მინდა კარგად გაიგოს ყველამ, რომ მდინარის კალაპოტის შეცვლა სახელმწიფო საზღვრების შეცვლასთან კავშირში არ არის!“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, კაკლისყურე კატასტროფის პირასაა. CENN-ის მიერ რამდენჯერმე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დედოფლისწყაროში „ალაზნის“ ამ მონაკვეთზე მდინარემ შესაძლოა, კალაპოტი შეიცვალოს, რის შედეგადაც 180 ჰა მიწის ფართობი აზერბაიჯანს დარჩება. კაკლისყურეს მეორენაირად ჯუმასყურესაც ეძახიან. აქ 180 ჰა (ადრე 200 ჰა იყო) ნახევარკუნძული ხმელეთს 6 - 7 მეტრიანი მიწის მონაკვეთით (მეანდრის ყელი) უკავშირდება. მას ალაზანი გარშემო უვლის. მეანდრის ყელს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ტალღები ეხლება და თანდათან საფუძველს აცლის.
ჯუმასყურე ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის და დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებს სამთაწყაროსა და ფიროსმანს ესაზღვრება. უნიკალური ტერიტორიის დაკარგვის საფრთხეზე სპეციალისტები ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად საუბრობენ, თუმცა, როგორც მინისტრი გოგა ხაჩიძე აღნიშნავს, მდინარის მიერ კალაპოტის გარღვევის შემთხვევაშიც კი ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს და ის აზერბაიჯანული მხარის კუთვნილებად არ ჩაითვლება.
მინისტრის ამგვარ მოსაზრებას არ ეთანხმებიან დედოფლისწყაროელები. მოსახლეობის ნაწილი ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები ამ კუთხით ძალზე აგრესიულები და „დაინტერესებულნი“ არიან და მდინარის კალაპოტის ცვლილების შემთხვევაში ისინი ქართველებს ამ ტერიტორიასთან ახლოსაც არ გააკარებენ. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მინისტრის სიმშვიდე ნაადრევია და კალაპოტის ცვლილების შემთხვევაში ჯუმასყურე უთუოდ დაიკარგება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий