სოფელ მირზაანში მცხოვრები ყაჭაშვილების ოჯახი გაუსაძლის პირობებზე საუბრობს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. როგორც ცერებრალური დამბლით დაავადებულმა 34 წლის გელა ყაჭაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, ოჯახის ყველა წევრი ავადმყოფია, თუმცა იმის გამო რომ პოლისი არ აქვთ, მკურნალობას ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებს. ვითარება კი ყოველდღიურად მძიმდება. ხელმოკლე ოჯახში გამოკვების პრობლემაც მწვავედ დგას. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ისინი ვერც სიღატაკის ზღვარს ქვწემოთ მყოფთა სიაში მოხვდნენ. შესაბამისად, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ საარსებო შემწეობას ვერ იღებენ.
ყაჭაშვილები სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ბრალს არაობიექტურ მუშაობაში სდებენ: ,,დედა ასთმიანი მყავს, მამაჩემი კი გულით არის ავად. მუშაობას ვერ ვახერხებთ. მე გადაადგილებაც მიჭირს. ჩემი მდგომარეობა რაიონში ყველამ იცის, მაგრამ არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება არაფრად გვაგდებს. პირიქით, სოფლის რწმუნებულმა სოსო თევზაძემ ასე მითხრა, ,,ნუ შემაღონე, აბა მე რითი უნდა დაგეხმარო, თავს ზემოთ ძალა არ მაქვს და მე რა ჯანდაბა ვქნაო"... მთავრობას თუ არ შეუძლია აბა ვინ უნდა დაგვეხმაროს. სამუშაო არ არის, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა გვიწყობს ხელს. არ ვიცი რა გვეშველება და ასე როდემდე გავძლებთ. პოლისი მაინც გვქონდეს - ვიმკურნალებდით და ჩვენი მდგომარეობა ოდნავ შემსუბუქდებოდა. რამდენჯერ შევიტანეთ განცხადება, მაგრამ ვერც დახმარება დაგვენიშნა. არადა, ნეტა ჩვენი სახლი განახათ... ჩვენ თუ არ გვეკუთვნის, საკითხავია ვის ჰქვია ღატაკი?... სოციალური სააგენტოს დედოფლისწყაროს უფროსს ზურაბ ნატროშვილს უნდა ვუჩივლო... სიარულიც მიჭირს, თორემ აქამდე სადმე წავიდოდი და საჩივარს შევიტანდი. სოც-აგენტები პირადი ინტერესებით მუშაობენ, მათი დამსახურებაა დახმარებას რომ ვერ ვიღებთ. არადა, რაიონში უამრავი მდიდარი ოჯახი იღებს ღატაკებისთვის განკუთვნილ დახმარებას. ვისაც აწყობთ და ვისაც გულშემატკივარი ჰყავს ფულებსაც იმათ აძლევენ, აბა ჩვენნაირ გლეხს ვინ დაეხმარება"- ამბობს I ჯგუფის ინვალიდი გელა ყაჭაშვილი.
თევზაძეებს სოციალური სააგენტოსგან დეკლარაციის ობიექტურად შევსების შემთხვევაში დახმარების დანიშვნის იმედი აქვთ და მათგან ხელახლა გადამოწმებას და რეაგირებას ითხოვენ, მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელმძღვანელობას კი შეძლებისდაგვარად, ელემენტარულ დახმარებას და თანადგომას სთხოვენ. ცერებრალური დამბლით დაავადებული გელა ყაჭაშვილი გამგებელს ნიკოლოზ შანშიაშვილს, მის მოადგილეებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილს მისი პრობლემებით დაინტერესებას და გულთან მიტანას სთხოვს. როგორც თავად ამბობს, "ქიზიყთან" საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარიც ამ იმედით გადაწყვიტა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий