понедельник, 26 сентября 2011 г.

არბოშიკის სკოლა ინვენტარით დახმარებას ითხოვს

უკვე 26 წელია სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლაში, სადაც 200-მდე მოსწავლე ირიცხება მერხები და სასკოლო ინვენტარი არ გამოცვლილა. ფსევდო-რეფორმების ფონზე ბავშვებს კვლავაც იმ ინვენტარით უწევთ სარგებლობა, რომელზეც მათი მშობლები გაიზარდნენ. არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭიღიტაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში ამბობს, რომ ახალი მერხები დედოფლისწყაროში თითქმის ყველა სოფლის სკოლამ მიიღო, ისინი კი კვლავაც ამაოდ ელიან. ჭიღიტაშვილის თქმით, გასულ წლებში ირმის ნახტომის ფარგლებში სკოლის შენობის სახურავი მთლიანად განახლდა და მეტალოპლასტმასის ფანჯრები დამონტაჟდა, რამაც დიდი შედეგი გამოიღო: ,,სახურავისა და ფანჯრების შეკეთება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რამაც გარკვეულწილად გათბობის პრობლემაც დაარეგულირა. მაგრამ კვლავაც პრობლემად რჩება ინვენტარი. 80-იანი წლების შემდეგ ინვენტარი არ გამოცვლილა და ძალიან ცუდ დღეშია. იყო დაპირება, რომ ჩვენთანაც შემოიტანდნენ, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა და კვლავაც ლოდინი გვიწევს. ვერ გეტყვით, რატომ ჭიანურდება, მაგრამ ფაქტია, რომ სასწრაფო შეცვლას საჭიროებს. არადა, სოფლების უმრავლესობამ მერხები უკვე მიიღო, მათ შორის ჩვენზე დაბალ კონტინგენტიანმა სკოლებმაც"... - აცხადებს ჭიღიტაშვილი, რომელსაც სხვა პედაგოგებიც ეთანხმებიან. სკოლების შენობების რემონტი და ინვენტარის განახლება განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში ეტაპობრივად ხდება. სკოლების შენობებისა და ინვენტარის შესახებ ინფორმაციის სამინისტროსთვის გადაცემას კი დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახდენს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი არბოშიკიდან

Комментариев нет:

Отправить комментарий