გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფი, სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები 48 წლის ონკოლოგიური ავადმყოფის ნუგზარ ლეკაშვილის ოჯახი დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უსამართლობასა და პირადი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რომელიც დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურში მუშაობდა ავადმყოფობისა და სისუსტის გამო ბოლო დროს ვეღარც სამსახურში სიარულს ახერხებს: ,,ფილტვის კისტა მაქვს, ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. სახანძრო სამსახურშიც ვეღარ დავდივარ, რადგან ქიმიას ვიკეთებ და ფიზიკურად დასუსტებული ვარ. 1 თვის წინ შეგვამოწმა სოციალურმა აგენტმა ნინო კობაიძემ, ფორმა 100-იც შეავსო, ჩაწერა რომ ვმუშაობ, არადა სამსახურში სიარულს კაი ხანია ვეღარ ვახერხებ. პოლისი მესაჭიროება, რომ ოპერაციები გავიკეთო, არადა სხვა ფინანსური საშუალება ნამდვილად აღარ მაქვს. ვერც პოლისის აღებას მივაღწიე... მერე მაღალი ქულები მოგვივიდა და დახმარების გარეშე დავრჩით. არადა ამის იმედი გვქონდა. - აცხადებს ავადმყოფი.
თავად სოციალური აგენტი გაზეთ ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფთან ადასტურებს, რომ დოკუმენტებში ავადმყოფს სამსახური ჩაუწერა.
ნინო კობაიძე (სოც-აგენტი): ,,ლეკაშვილების ოჯახი მე შევამოწმე. ფორმა 100 შევავსე, მაგრამ იმ დროისთვის მუშაობდა და ხელფასის რაოდენობაც ჩავწერე.
ზურაბ ნატროშვილი (დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი): ,,ახლახან, მოქმედებაში შევიდა ახალი პროგრამა, სადაც მითითებულია, რომ ონკოლოგიურ ავადმყოფებს უპირატესობა ენიჭება. მაგრამ, ახალი განაცხადი რომ შემოიტანონ, საჭიროა ოჯახში რაიმე ცვლილება მოხდეს, ეკონომიური ან რაოდენობრივი...
ნუგზარ ლეკაშვილის დედა, ჟენია ლეკაშვილი არსებულ ვითარებას განუკითხაობას უწოდებს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს: ,,ჩემს შვილს ქიმია ორჯერ უკვე ჩაუტარდა, ჩვენ არანაირი საშუალება არ გვქონდა და თანხები ორჯერვე მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაგვირიცხა. ახლა კიდევ ესაჭიროება მესამე ქიმია და შემდეგ ოპერაცია. მარტო ოპერაციისთვის 2 500 ლარს გვთხოვენ, რაც არ გაგვაჩნია და აღარ ვიცით რა ვიღონოთ, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. გამოსავალი არსაიდან ჩანს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარონ... ნუთუ ღმერთი აღარ სწამთ?... პოლისი მაინც მოგვცენ, რატომ აფერხებენ, იქნებ პოლისით მაინც შეძლებდა მკურნალობას და ასე მაინც შეინარჩუნოს სიცოცხლე... - აცხადებს ონკოლოგიური ავადმყოფის დედა და შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий