ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები თამარ ჩხიკვაძე, რომელიც 5 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში და მოსახლეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, 16 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის დროს მისი საცხოვრებელი ბინაც მთლიანად დაიტბორა, რა დროსაც კედლის ერთი ნაწილი მთლიანად გადაინგრა და იქ ცხოვრება შეუძლებელი და სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა. მრავალშვილიანი ქვრივი დედა გაზეთ ქიზიყთან საუბარში ამბობს, რომ გამგეობას დახმარებისთვის განცხადებითაც მიმართა, თუმცა მათი გასაჭირი გულთან არავის მიუტანია:
,,არადა დრო აღარ ითმენს. 5 ბავშვი მყავს, კედელი გადაენგრა და საშიშია. ყველაფერი გაუბედურდა, აქ ცხოვრება ფაქტიურად აღარ შეიძლება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. წვიმის დროს გამგებელი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მოვიდნენ, ვითომ რეალურად აინტერესებდათ, მაგრამ არც შანშიაშვილი და არც ჯიბღაშვილი შიგნითაც არ შემოსულად, გაბრუნდნენ წავიდნენ და ჩვენთვის მას შემდეგ არც ყურადღება მოუქცევია ვინმეს და არც ის უკითხავთ, სტიქიას ცოცხლები გადავურჩით თუ არა. ასეთი უყურადღებობა როგორ შეიძლება? გამგებელი რომ იძახდა კომისია შეიქმნაო, აბა სად არის კომისია? რა დაადგინა, ან რატომ არ გვეხმარებიან? - აცხადებს მრავალშვილიანი დაზარალებული ქალბატონი.
მისი თქმით, ოჯახს უკიდურესად უჭირს, არც სამსახური აქვთ და მხოლოდ საარსებო შემწეობის იმედად არიან, თუმცა სტიქიამ ისინი ლუკმა პურის გარეშე დატოვა. ოჯახის დიასახლისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც უჩივის, რაც მათთვის დამატებითი ტვირთი აღმოჩნდა: ,,რამდენიმე თვის ფული ბანკიდან წინასწარ მქონდა გამოტანილი. გაჯი ვიყიდე, რომ სახლი ოდნავ მაინც გამემაგრებინა, მაგრამ ყველაფერი წყალმა წაიღო და ასე ცარიელ ტარიელნი დავრჩით.
ხუთი შვილის მარტოხელა დედა ადგილობრივი ხელისუფლების იმედგაცრუებაზე ამახვილებს ყურადღებას და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან დახმარებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий