ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი ფიროსმანის ნახატების დაბრუნებას ითხოვს. როგორც ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ორი ნახატი „მუშა სოსო“ და „მალაკნების ქეიფი“, 2007 წელს, სიღნაღის გალერეაში დროებით გამოიფინა და მას შემდეგ მუზეუმს აღარ უბრუნებენ.
„2007 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით, ორი ნახატი „მუშა სოსო“ და „მალაკნების ქეიფი“, დროებით, სიღნაღის გალერეაში გამოიფინა. იმ პერიოდში კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი იყო. მას შემდეგ უშედეგოდ ვცდილობ, რომ ნახატები მუზუემს დაუბრუნონ. თხოვნით კულტურის სამინისტროსაც მივმართე, მაგრამ შედეგს დღემდე ვერ მივაღწიე. „მალაკნების ქეიფი“ მუზეუმისთვის პირველი შენაძენია. ის 1969 წელს ოთარ თაქთაქიშვილის დახმარებით შევიძინეთ, ხოლო მეორე ნახატი კი 1996 წელს შევარდნაძის ფონდმა შეგვიძინა“, - აღნიშნა ანზორ მაძღარაშვილმა. მისივე თქმით, გალერეაში ფიროსმანის ნახატებს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის მუზეუმის საკუთრებაა და მუზეუმში უნდა ინახებოდეს. „დამთვალიერებლები ამ ნამუშევრების სანახავად მუზეუმში უნდა მოდიოდნენ და არა გალერეაში. ჩვენია და ჩვენთან უნდა იყოს. გაუგებარია რატომ არ გვიბრუნებენ, მითუფრო როცა დაჟინებით ვითხოვთ“, - განაცხადა ფიროსმანის მუზეუმის დირექტორმა.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში 1960 წლიდან ფუნქციონირებს.
მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი. მუზეუმში დაცულია მხატვრის პირადი ნივთები, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები (ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, კობა გურული, ნათელა იანქოშვილი და სხვ.) ხელნაწერები (ფიროსმანის პირადი საქმე, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ქართველ პოეტთა ლექსები და სხვა), XIX-XX სს. ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატები - ხალიჩები, ფარდაგები (მათ შორის ფიროსმანის დედის მიერ მოქსოვილი ფარდაგი), ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სხვა (10 000 ექსპონატი). მუზეუმში დაცულია ასევე მხატვრის მიერ შესრულებული ორიგინალი ნამუშევრები.
ნატალია სარქისაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
Комментариев нет:
Отправить комментарий