суббота, 24 сентября 2011 г.

ვეფხია კობიაშვილი: „შვილებს გეფიცებით, ღმერთი–რჯული, შარმაზანაშვილს არაფერს ვედავები, სულ 2ჯერ მყავს ნანახი“

„ან გადმოაფორმებ ჩემი მეუღლის სახელზე ამ 250 ჰექტარს, რასაც გეუბნები, ან ბოლომდე გაგანადგურებ!“ – ამ სახის ზეწოლაში დედოფლისწყაროში მცხოვრები ფერმერი ლია შარმაზანაშვილი შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამსახურის ყოფილ უფროსს ვეფხია კობიაშვილს ადანაშაულებს, რომელიც „ქოჩების ტბის“ მიმდებარე ტერიტორიის წართმევას ცდილობს.

ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ვეფხია კობიაშვილი შარმაზანაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში მცხოვრები ფერმერი ლია შარმაზანაშვილი კობიაშვილს მისი კუთვნილი 250 ჰა მიწის ნაკვეთის წართმევის მცდელობაშიც ადანაშაულებს.

„შესაძლოა ეს გამოძიება თავიდანვე დაწყებულიყო და პირველი კობიაშვილის უწყება ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი „ზემოდან“ მოდის, მაგრამ მანამდე მე ყველა ეტაპი გავლილი მქონდა. მერაბიშვილის უწყებამ, ადეიშვილის უწყებამ, უშიშროებამ და ფინანსურმა პოლიციამ, ყველამ ეს საქმე მანამდე შეწყვიტა შარმაზანაშვილის მიმართ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო... რა გახდა კობიაშვილის უწყება ასეთი, რომ საქმე უკანონოდ დაიქვემდებარა და თვითონ მოძებნა არარსებული მტკიცებულებები და მოწმეები. დღეს მას მტკიცებულებები არა აქვს, რის მიხედვითაც სასამართლო განაჩენს გამომიტანს და მეტყვის, რომ აი შარმაზანაშვილო, შენ ამ დოკუმენტით გაქვს ქონება მითვისებული“, – აცხადებს ლია შარმაზანაშვილი.

კობიაშვილი ამჟამად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობს. ის ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ამბობს, რომ შარმაზანაშვილს არანაირ ნაკვეთს არ ედავება. მისი თქმით ის იმიტომაა ნაწყენი, რომ სხვა საქმის გამოძიებისას ის შარმაზანაშვილს არ დაეხმარა.

„არ ვედავები, შვილებს გეფიცები არაფერს... ღმერთი რჯული, არც მქონია აზრად არასოდეს, რამეს შევდავებოდი... ორჯერა მყავს ნანახი სულ, შვილებს გეფიცები, რა... რა უნდა... რაც უნდა ვიცი მე... ამის მიმართ საქმე რომ აღიძრა, მაშინ მე ფინანსურ პოლიციაში ვმუშაობდი და აი, ამაზეა ჩაციკლული, რომ არ დავეხმარე ამ ქალბატონს. ვერც დავეხმარებოდი, ეს არც ჩემი კანტორა იყო და არც ჩემი „შპს“, როგორ დავეხმარებოდი“, – ამბობს ვეფხია კობიაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროელების სიძეა.

სისხლის სამართლის საქმე 180–ე მუხლით არის აღძრული, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილი საქმის განხილვას განაგრძობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

იხილეთ ტელეკომპანია „მაესტროს“ რეპორტაჟი>>

Комментариев нет:

Отправить комментарий