დედოფლისწყაროში ხალხთა მეგობრობის მუზეუმი ინგრევა. ფონდსაცავის კედელი შუაზეა გახსნილი და გადავარდნაზეა, დაზიანებული სახურავიდან კი შენობაში წყალი ჩადის, რის გამოც ექსპონატები დანესტილია. მუზეუმს დამთვალიერებელი აღარ ჰყავს.
„მუზეუმი დიდი ხანია მძიმე მდგომარეობაშია. შენობა შიფერით არის გადახურული, რომელიც დაზიანებულია და ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი ექსპონატებს განადგურების საფრთხეს უქმნის. იმ ოთახში, სადაც ფონდსაცავია განთავსებული, კედელი გადავარდნაზეა. მუზეუმში ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატები ინახება, რომლის გადარჩენაზეც მხოლოდ თანამშრომლები ვზრუნავთ. პრობლემა ადგილობრივი გამგეობისთვის ცნობილია, თუმცა ამ დრომდე არავინ დაინტერესდა“, - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის თანამშრომელებმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ალუღიშვილის განცხადებით, 2011 წელს მუზეუმის რეაბილიტაცია გათვალისწინებული არ არის. „მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ხარჯთაღრიცხვა არ გაკეთებულა. თუ ადგილობრივ ბიუჯეტში ზედმეტი თანხა დარჩება, ამ შემთხვევაში შეიძლება შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ალუღიშვილმა.
დედოფლისწყაროს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი 1980 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმი გახსნილია ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცრის გროგოლ ნეჩვილოდოვის სახლში. იგი 1813 წელს ჩამოვიდა საქართველოში და დედოფლისწყაროში დასახლდა. ამ დღიდან ეს სახლი გახდა ერთგვარი კულტურული ცენტი აქ გადმოსახლებული დეკაბრისტებისა და ქართველი ინტელიგენციისთვის. მას ხშირად სტუმრობდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი, 1858 წელს კი აქ სტუმრად იყო ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა. მუზეუმში დაცულია ნეჩვილოდოვის მემორიალური ნივთები და ეთნოგრაფიული კოლექცია. /ICK/
Комментариев нет:
Отправить комментарий