четверг, 4 августа 2011 г.

ხანძრის შედეგად მაჩხაანში მამაკაცი გარდაიცვალა, არხილოსკალოში კი 60 წლის ქალი დაიწვა

HOT news>> კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. სოფელ ზემო მაჩხაანში მამუკა ნატროშვილის საცხოვრებელ ბინაში 3 აგვისტოს საღამოს გაჩენილ ძლიერ ხანძარს 70 წლის ომარ ჭიღიტაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოჯახის უფროსი, 45 წლის მამუკა ნატროშვილი კი სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკალა ფიროსმანაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცების დაუდევრობის გამო ხანძრის გაჩენა სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლიც მნიშვნელოვნად დაზიანდა...
ამას გარდა, კიდევ ერთი ხანძარი ადამიანის სხეულის დამწვრობით დასრულდა დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელშიც. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" ადგილობრივებმა აცნობეს, სოფელ არხილოსკალოში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ელექტრო ღუმელიდან გაუჩნდა. სახლის მეპატრონემ 60 წლის გულიკო არაბულმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ის ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ვითარების სიმძიმის გამო, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
როგორც სოფელ არხილოსკალოში აცხადებენ, მოხუცი ქალბატონი სავარაუდოდ ცუდად გახდა, გონება დაკარგა და ელექტრო ღუმელს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. /ქიზიყი/
* * *

პოლიციის შენობის ხედის გამოსაჩენად მრავალწლიანი ნაძვების დაჭრას აპროტესტებენ

პარტია “თავისუფალი საქართველო” რეგიონებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის შენებობის მშენებლობისთვის თანხების გამოყოფას აპროტესტებს.
როგორც კახა კუკვას პარტიაში განმარტავენ, ორგანული კანონი ’’ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ და ’’ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთნება ისეთი უწყების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პოლიციის რაიონული სამმართველოები კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
“პოლიციურ სახელმწიფოში მერაბიშვილის უწყებას ყველა საკითხზე მწვანე შუქი აქვს ანთებული. 2010 წელს კახეთის რეგიონში პოლიციის სამმართველოების ხუთი ახალი შენობა გაიხსნა, მათ შორის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, პოლიციის მინის შენობის ასაგებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 67 000 ლარი. ამასთან, გამგებლის 2010 წლის 13 აგვისტოს 378-ე ბრძანების საფუძველზე გამგეობამ პოლიციის სამმართველოს მანქანის შესაძენად 21 570 ლარი ჩაურიცხა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ, კახეთში 30 განყოფილების მშენებლობაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი გამოიყო. ჩვენი ინფორმაციით ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილმა თანხამ კი 300 000 ლარზე მეტი შეადგინა”,_ აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი.
მისივე ცნობით, ქ. დედოფლისწაროში პოლიციის შენობის მშენებლობა კულტურის სახლის მიმდებარე დაიწყეს, არადა მანამდე აღნიშნული სკვერის რაბილიტაციაზე 130 000 ლარი იქნა გახარჯული: ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობა და ბავშვები აქტიურად ისვნებდნენ ამ სკვერში. მშენებლობის დაწყებისას სკვერში არსებული გასართობი ინვენტარი დაჭრეს, ჯართში ჩააბარეს და იქეიფეს. შედეგად, ბიუჯეტის ათი ათასობით ლარი წყალში იქნა გადაყრილი”, _ აღნიშნავს კუკავს პარტიის წარმომადგენელი.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციის გამჭვირვალე შენობის ხედის უკეთ გამოჩენის მიზნით, ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში ასწლოვანი ნაძვები მასობრივად დაჭრეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებულ პროტესტს და აღშფოთებას იწვევს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий