среда, 3 августа 2011 г.

სათნოების სახლში კვლავ უკმაყოფილებაა...

დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ბენეფიციარები კვების ხარისხით და მომსახურე პერსონალით უკმაყოფილებას ისევ გამოხატავენ. შეწუხებულ ბენეფიციარებსა და სასადილოს თანამშრომლებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
,,საოპერაციო ვიყავი და 1 კვირა ვაცდენდი, რადგან თბილისში, საავადმყოფოში წავედი. იმდენი ფული დამეხარჯა, რომ გეფიცებით პურის ფულიც აღარ დამრჩა. სასადილოში რომ მივედი, ვთხოვე, 1 პური ზედმეტად მოეცათ, რადგან ფული აღარ დამრჩა და პურის ყიდვას ვეღარ მოვახერხებდი. ამაზე გაბრაზდნენ. მერე ავუხსენი, რომ 1 კვირა ვაცდენდი და ჩემი წილი რომ რჩებოდა იქიდან 1 პური მაინც დაემატებინათ. მაინც არ მომცეს და ავდექი და ის ჩემი 1 ულუფა პურიც უკან მივუბრუნე... (ტირის) ელდინომ მითხრა, როგორ მოგცე, არ გეკუთვნისო... ასეთი უსამართლობაა. არადა, ჩემი წილი პური ერთი კვირის მანძილზე ყოველდღიურად რჩებოდა და საკითხავია, ის რომელმა თანამშრომელმა წაიღო სახლში," - აცხადებს ბენეფიციარი დალი გურაშვილი.
,,საკვებით უკმაყოფილო ვარ და სათნოების სახლის თანამშრომლებთან კამათი მომივიდა, რაც ინციდენტში გადაიზარდა. წესიერს არაფერს გვაჭმევენ და არ ვთქვათ?... ამაზე ვიჩხუბეთ. სულ ნაციონალური მოძრაობის წევრების ნათესავები და ერთმანეთის ახლობლები არიან დასაქმებულები. ნუნუ თათარაშვილს დედოფლისწყაროში 3 მარკეტი აქვს გახსნილი, ქალს ამხელა ბიზნესი აქვს და თანამშრომლად ისევ ის დაასაქმეს, არადა ამდენი გაჭირვებული უმუშევრად არის დედოფლისწყაროში. ასეთი საქციელით გაჭირვებულ ხალხს აბუჩადგვიგდებენ. ყოველთვის ღატაკები კი არ ვიყავით, ჩვენც ადამიანები ვართ. ადრე ინტელიგენციას ვეკუთვნოდით და ახლა კი ისეთ ხალხს გაგვათანაბრეს, დაგვცინიან და აღარაფრად გვაგდებენ... როგორც პრეტენზიას გამოვთქვამთ და პროტესტს დავაფიქსირებთ სასადილოს თანამშრომლები მაშინვე პოლიციით გვემუქრებიან და ხმის ამოღების უფლებასაც გვართმევენ... ორიოდე დღის წინ ბენეფიციარი, მარტოხელა დედა მადონა ღვინიაშვილი სასადილოდან ხელისკვრით მხოლოდ იმიტომ გამოაძევეს, რომ პროტესტის ხმამაღლა გამოხატვა გაბედა და "გიჟი" უწოდეს... სასადილოს პერსონალი ხშირად უხეშად გვექცევა. სულ ყვირიან და თავს დამცირებულად ვგრძნობთ. განმკითხავი მაინც არავინაა," - აცხადებს მზია გარსენიშვილი.
"საჭმელს კი გვაჭმევენ, მაგრამ ცოტა ხარისხიანი მაინც გვაჭამონ, რომ ოდნავ გემო მაინც ჰქონდეს. საკვები ხშირად უგემურია. პურის ხარისხზეც ხომ მუდმივად უკმაყოფილებაა," - აღნიშნავს სათნოების სახლის ბენეფიციარი ყარამან სიმონიძე, მას სხვა მოხუცებიც ეთანხმებიან.
შეგახსენებთ, სათნოების სახლი პურის სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. პურის უხარისხობა ბენეფიციარებმა გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე ალუღიშვილის მამის პირად ინტერესებს დაუკავშირეს. უპოვართა სახლის 200-მდე ბენეფიციარის ყოველდღიური პურით მომარაგება სწორედ ალუღიშვილის საწარმოდან ხდება. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий